გერმანულენოვანი ქართველი მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი, ნინო ხარატიშვილი, მწვერვალების დაპყრობას განაგრძობს და ქართული ლიტერატურის ისტორიაში ახალი ფურცლის წერასაც იწყებს. რამდენიმე საათის წინ, გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერმა, გვანცა ჯობავამ სასიხარულო ინფორმაცია გაგვიზიარა და გვამცნო, რომ ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა გამომცემლობამ „ჰარპერ კოლინზმა“, ნინო ხარატიშვილის ახალი და ჯერ კიდევ გამოუცემელი რომანის The Lack of Light-ის საავტორო უფლებები შეიძინა.
მსგავსი რამ ქართულ ლიტერატურას არ ახსოვს! ეს არა მხოლოდ ნინოსთვის მისალოცი ამბავია, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ქართული ლიტერატურისთვის! - წერს გვანცა ჯობავა
როგორც გვანცა ჯობავას პოსტიდან ვიგებთ, ნინო ხარატიშვილის ახალ რომანში მოქმედება 90-იანი წლების საქართველოში ვითარდება, ქვეყანაში, რომელმაც სულ ახლახანს მოიპოვა დამოუკიდებლობა, ქვეყანაში, სადაც ძალადობა და ქაოსი სუფევს, ქუჩის გარჩევები, სამოქალაქო დაპირისპირება, შიმშილი და სიცივეა გამეფებული ქართველები კი ამ სტრესშ აგრძელებენ ცხოვრებას, მათ შორის არიან მწერლის გმირები, თბილისში, იტალიურ ეზოში მცხოვრები გოგონები: ქეთო, ნენე, დინა და ინა.
ის, რომ მისი ნაწარმოებების მთავარი თემა საქართველოა, ცხადია, ქართველი მკითხველის ინტერესს გამორჩეულად აღძრავს. ნინოს ახალი რომანი ზუსტად ისეთივეა, როგორც ყველა დანარჩენი – დაიწყებ და ვეღარ მოწყდები - მაია ფანჯიკიძე
ნინო ხარატიშვილის ახალი რომანის საავტორო უფლებები, არა მხოლოდ უდიდესმა და საოცრად გავლენიანმა „ჰარპერ კოლინზმა“, არამედ კიდევ 9 ქვეყანამ შეიძინა, ცხადია, მათ შორისაა ქართული გამომცემლობაც. ნინო ხარატიშვილის ახალი წიგნის თარგმნას გამომცემლობა „ინტელექტი“ და მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე აიღებენ საკუთარ თავზე.