ნინი ბრეგვაძე წლებია ამერიკაში მოღვაწეობს. მომღერალი თავდაპირველად ქართული ახალი ხმის წყალობით გავიცანით, განსაკუთრებით დიდი ყურადღება კი ამერიკულ The Voice-ში გამოჩენის მერე მიიპყრო. ნინი ერთ-ერთია იმ ქართველთაგან, რომლებმაც თავიანთი ნიჭითა და მონდომებით ქვეყნის საზღვრებს გარეთაც დაიმკვიდრეს თავი, თუმცა სამშობლოშიც არ დაუკარგავთ ცნობადობა და ხალხის სიყვარული.
პირველი შეხება მუსიკასთან
ბავშვობაში ჩემი ძმა დადიოდა სიმღერაზე. იმ პერიოდში ძალიან პატარა ვიყავი და მე არ დავყავდი დედას. ჩემი ძმა, რასაც იქ სწავლობდა, მე მასწავლიდა სახლში. შემდეგ ხალხურ სიმღერებზე დავდიოდით ერთად გუნდში, მე ფანდურზე ვუკრავდი, ის - სალამურზე. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები მუსიკაში. რაღაც პერიოდი კლასიკურ მუსიკას ვსწავლობდი, თუმცა არ იყო ჩემი. პატარა ვიყავი და მინდოდა, რომ თანამედროვე სიმღერები მემღერა, რასაც ჩემი მუსიკის მასწავლებელი სულ ეწინააღმდეგებოდა.
როდის მიხვდი, რომ მუსიკა იყო ის სფერო, რომელსაც გაჰყვებოდი?
თინეიჯერობის ასაკში მივხვდი, რომ მუსიკა იყო ის, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებდა. ძალიან ბევრ ჟანრში გამოვცადე თავი და ალბათ, სულ ასე ვიქნები - ცხოვრების ბოლომდე რაღაც ახლის სწავლას და ძიებას გავაგრძელებ. არ მიყვარს საკუთარი თავის ჩარჩოებში ჩასმა და მინდა, რომ მაქსიმალურად ავითვისო ის სფერო, რომელშიც ვარ. ამიტომ, რთულია ერთი კონკრეტული ჟანრი აირჩიო და არ გადაუხვიო მას. საბოლოო ჯამში, მაინც მაქვს ჩემი ნიშა, რითაც ადამიანებმა შეიძლება გამომარჩიონ.
მუსიკოსი, რომლისგანაც ინსპირაციას იღებ
როგორც აღვნიშნე, ძალიან ბევრი ჟანრი მიზიდავს და ყველა ჩემი საყვარელი არტისტისგან ამიღია ინსპირაცია. შეიძლება ეს იყოს ჩეტ ბეიკერი, Radiohead, არეტა ფრანკლინი, ლეიდი გაგა. ჩვენ ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, სადაც ძალიან ბევრი კარგი მუსიკა შექმნილა, დაწერილა და ძალიან იღბლიანები ვართ, რომ უამრავი არტისტისგან შეგვიძლია ვისწავლოთ.
რატომ და როდის გადაწყვიტეთ ამერიკაში წასვლა?
ამერიკაში წამოსვლა ძალიან ღრმა ბავშვობიდან მინდოდა. საქართველოში, განსაკუთრებით მაშინ, ვხედავდი, რომ განვითარება რთული იყო. ყოველთვის მინდოდა, იმაზე უკეთესი ვყოფილიყავი, ვიდრე ამის საშუალებას საქართველო მომცემდა. თუმცა, მუსიკის კუთხით დაახლოებით 15-16 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ მუსიკოსი გავმხდარიყავი და უკვე 18 წლის ასაკში ავიღე ვიზა და წამოვედი. ცოტა გაუაზრებლად წამოვედი, მაგრამ იმდენად მინდოდა ჩემი მიზნებისა და ოცნებების ახდენა, რომ შედეგებზე არ ვღელავდი. უბრალოდ ავდექი და გავაკეთე.
რამდენად რთული იყო უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება?
ალბათ, ყველაზე რთული რაღაც იყო, რაც ოდესმე გამიკეთებია და გავაკეთებ. როგორც აღვნიშნე, იმდენად გაუაზრებლად წამოვედი, რომ გეგმები ჩამოწერილი და განსაზღვრული არ მქონდა. ალბათ, რომც მქონოდა, აზრი არ ექნებოდა, რადგან, როდესაც უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, ეს გადმოცემით გაგონილი ამბები არასდროს არ ემთხვევა რეალობას. ვიყავი ძალიან ახალგაზრდა და ყველაფერი ძალიან, ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით მეგობრების შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს თავს პატარაობიდანვე ამერიკულ მენტალიტეტზე ვზრდიდი, მაინც სულ სხვა რაღაც დამხვდა, ვიდრე მე მეგონა. თუმცა, დროის განმავლობაში ყველაფერს ეჩვევი და ადაპტაციას გადიხარ და დღეს უკვე ამერიკა ჩემი მეორე სახლია.
როდის დადგა ის გარდამტეხი მომენტი, როცა მიხვდი, რომ ამერიკაში ჩამოსვლასა და ბრძოლას ჰქონდა აზრი?
ეს გარდამტეხი მომენტი ჯერ არ დამდგარა, დღემდე არ ვიცი, სწორი გადაწყვეტილება იყო, თუ არა. მე ძალიან ბევრს მოვითხოვ ჩემი თავისგან და ჯერ 25%-იც არ გამიკეთებია ალბათ იმის, რაც მინდა, რომ ჩემს კარიერაში გავაკეთო. მიუხედავად ამისა, მაინც ვიტყოდი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ამერიკა სწორი არჩევანი იყო, თუ არა.
როგორ მოხვდი ამერიკულ ვოისში და რა გამოცდილება მოგცა ამ კონკურსმა?
ამერიკულ ვოისში შემთხვევით არ მოვხვედრილვარ. ჩამოსვლის დღიდან, რაც საბუთები გავაკეთე, 6 წლის განმავლობაში 6-ჯერ ვცადე კონკურსში მონაწილეობა. ყოველთვის რაღაც ეტაპამდე მივდიოდი და ბოლოს პასუხი, რატომ არ მიღებდნენ, გაუგებარი იყო. მე ყოველთვის ის ვიყავი, ვინც ვარ და საბოლოო ჯამში, ალბათ, ჩემშიც დაინახეს ის, რასაც ეძებდნენ. არაჩვეულებრივი გამოცდილება მივიღე, ძალიან კარგად გავერთე, უამრავი უნიჭიერესი მეგობარი შევიძინე, ადამიანები, რომლებთან ერთადაც ახლა ვმუშაობ. ზოგადად პროექტებში ძალიან ვიზრდები. რაც არ უნდა ვიძახო, რომ ჩემი არ არის, როდესაც ასეთ მოცემულობაში ხარ, სხვა ნიჭიერი მუსიკოსების გარემოცვაში, გინდა, არ გინდა, ძალიან სწრაფად იზრდები. შესაბამისად, არანაირად არ ვნანობ ვოისში გასვლას.
“ძალა დამელია დარდით” შენი პირველი ქართული სიმღერაა. საიდან მოვიდა ინსპირაცია მის შესაქმნელად?
ძალიან მცირე დროში მომიწია ამ სიმღერის დაწერა. გავიგე, რომ “აკუსტიკაში” უნდა მივსულიყავი და რაიმე ქართული სიმღერის "ქავერი" მემღერა. ბევრი ვეძებე, თუ ცოტა, ვერ ვიპოვე ისეთი სიმღერა, რომელსაც რაღაც ახალს შევმატებდი. ამიტომ, გადავწყვიტე, მომესწრო ჩემი სიმღერის დაწერა ქართულად. დიდი გამოწვევა იყო ნამდვილად, თუმცა, იმდენად მინდოდა, რომ ქართველი მსმენელისთვის უკვე ქართულად მომეწონებინა თავი, რომ ბუნებრივად ძალიან კარგი გამოვიდა. რაზე უნდა დამეწერა ჩემი პირველი ქართული სიმღერა, თუ არა საქართველოზე. “ძალა დამელია დარდით” ჩემს ქვეყანას და ქართველ ხალხს მივუძღვენი. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გავაკეთე.
რას ფიქრობ ევროვიზიაზე გასვლაზე, შემოთავაზება, რომ იყოს დათანხმდებოდი?
დიდი სიამოვნებით, თუ ასეთი შესაძლებლობა მომეცემა, რომ კონკურსზე ჩემი ქვეყანა წარვადგინო, დიდი პრივილეგია იქნება ჩემთვის. ყველანაირად შევეცდებოდი, რომ რაღაც ისეთი დამეწერა, რაც ქართველებსაც მოეწონებოდათ და ევროპელებსაც. ძალიან რთული იქნება ალბათ, მაგრამ ამ გამოწვევასაც სიამოვნებით მივიღებდი.
რა სამომავლო გეგმები გაქვს მუსიკასთან დაკავშირებით?
მე არასდროს ვწყვეტ მუსიკის წერას. ვცდილობ, რომ ჩემი ცხოვრება მაქსიმალურად გამოვიყენო ისე, რომ გამოცდილებები და ინსპირაციები არ მომაკლდეს, რაც მერე მუსიკის შექმნაში მეხმარება. ძალიან ბევრი პროექტი მაქვს დაწყებული, რომელთაც, იმედი მაქვს მალე მოვუყრი თავს და დავასრულებ. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე საქართველოშიც ჩავატარებ კონცერტს, დიდი ხანია მინდა. მომავალში ვაპირებ, რომ ჩემს ქვეყანაშიც გავაგრძელო მოღვაწეობა და ამერიკაშიც.
დღეს The Diary-ის რედაქცია ელენე მიქაბერიძეს გაგაცნობთ. ელენე დოკუმენტური კინოს რეჟისორია, რომლის ამბავიც 1993 წელს ბელგიაში ემიგრაციასა და საოკუპაციო ხაზით იძულებით გაყოფილი ოჯახის ისტორიას მოიცავს. ელენემ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით - "ლურჯი მოცვი", საქართველოსა და მსოფლიოში აღიარება უკვე მოიპოვა.
2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის მთავარი ტრენდი ხელოვნური ბეწვის მოსაცმელებია. დიზაინერები კოლექციებში მრავლად ვიხილავთ სხვადასხვა ფერისა თუ ზომის ბეწვის ქურთუკებს.
კეიტ უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს მეგობრობა საკულტო ფილმ "ტიტანიკიდან" იწყება და უკვე 25 წელზე მეტს ითვლის. ლოს-ანჯელესში კეიტის ახალი ფილმის, Lee-ის ჩვენებაზე მეგობრის მხარდასაჭერად დიკაპრიოც გამოჩნდა.