#კულტურა #მხატვრობა

ასი წლის თავზე სამყარო კვლავ სიურრეალისტურია

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

ხელოვნება გამოქვაბულზე ამოტვიფრული ნადირობის სცენებიდან NFT-მდე განვითარდა, თუმცა გარკვეული მიმდინარეობები მუდმივად აქტუალური რჩება. სიურრეალიზმი 100 წლის წინ ჩამოყალიბდა და მხატვრები  მისი სახელით დღემდე ასახავენ ტილოზე ადამიანის ქვეცნობიერს, ფიქრებსა თუ ჰალუცინაციებს. სიზმრისეული პეიზაჟებითა და ვიზუალური თამაშებით, სიურრეალიზმი ჩვენს შინაგან სამყაროში მოგზაურობს.

ხელოვნების ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბება 1924 წელს საფრანგეთში, პოეტისა და კრიტიკოსის, ანდრე ბრეტონის “სიურრეალისტური მანიფესტის” გამოქვეყნებას უკავშირდება და თავდაპირველად უფრო ლიტერატურული მიმართულება იყო, ვიდრე ვიზუალური ხელოვნების.

ანდრე ბრეტონი,andé breton,surrealism,painting,სურეალიზმი,მხატვრობა
ანდრე ბრეტონი, "პეიზაჟი"

ბრეტონი და მისი თანამოაზრეები ერთგვარ ექსპერიმენტს ატარებდნენ გამოხატვის ახალ მეთოდზე, რომელიც ქვეცნობიერის ღრმად დამარხული ფანტაზიების განთავისუფლებას გულისხმობდა. სიურრეალისტები ადამიანის ფსიქოლოგიით იყვნენ დაინტერესებულნი და ზიგმუნდ ფროიდის სიზმრის თეორიების შესწავლას დიდ დროს უთმობდნენ.

საინტერესოა, რომ მიმდინარეობა პირველი მსოფლიო ომისა და ესპანური გრიპის პანდემიის კოლექტიური ტრავმის საფუძველზე ჩამოყალიბდა. ადამიანებმა იმ პერიოდის ჩარჩოებში მომწყვდეული აზროვნებისა და გავლენიანი ინსტიტუციების ეჭვქვეშ შეტანა დაიწყეს, ამ ყოველივეს კი სიურრეალიზმის წარმოსახვითი სამყაროსა და ირაციონალური მდგომარეობების საშუალებით უპირისპირდებოდნენ. შედეგად მიმდინარეობა ხშირად პოლიტიკური და სოციალური მოძრაობის სტატუსსაც ატარებდა.

რენე მაგრიტი,ნახატი,სიურეალიზმი,სიურეალისტური
რენე მაგრიტი "The Menaced Assassin"

სიურრეალისტი მწერლები თავიდან ვიზუალურ ხელოვნებასთან კავშირს ერიდებოდნენ, თუმცა 1920-იანი წლების მიწურულს, მიმდინარეობას მაინც შეუერთდნენ ისეთი მხატვრები, როგორებიც იყვნენ რენე მაგრიტი და სალვადორ დალი. რენე მაგრიტი 1927 წელს, ბრიუსელიდან პარიზში გადასვლისთანავე, სიურრეალისტური მოძრაობის მთავარი ფიგურა გახდა. მისი ნამუშევრები ერთი შეხედვით ჩვეულებრივ საგნებს მათთვის შეუსაბამო, უჩვეულო კონტექსტსა და არარეალისტურ ვითარებაში ასახავს. მაგრიტის ხელოვნება ადამიანს ტრადიციული აზროვნების მარწუხებისგან დახსნისა და რეალობის განსხვავებულად აღქმისაკენ უბიძგებს. მისი ნახატები დღემდე ახდენს გავლენას პოპ-არტსა და კონცეპტუალურ ხელოვნებაზე.

salvador dali,სალვადორ დალი,სიურეალიზმი,მხატვრობა,სიურეალისტური,
სალვადორ დალი, "The Ants"

სალვადორ დალის ყველა მისი არაორდინალური გარეგნობით ვიცნობთ და გასაკვირი არც არის, რომ მისნაირი ადამიანი სიურრეალიზმის ექსცენტრულ სამყაროში მოექცა. 1929 წელს ესპანეთიდან ისიც პარიზში გადავიდა და ადამიანების სიზმრების, არაცნობიერი ფიქრებისა თუ სექსუალური ფანტაზიების ტილოზე გადმოტანას შეუდგა. დალი ნახატებში ფროიდისეულ სიმბოლოებს იყენებდა, მაგალითად ჭიანჭველებს, რომლებიც სწორედ ადამიანთა სექსუალურ ლტოლვას განასახიერებდა.

მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუში “the ants” შიშველ მწოლიარე ქალს ასახავს, რომლის გარშემოც სწორედ ჭიანჭველები არიან თავმოყრილი.

The Tao,surrealism,სურეალიზმი,მხატვრობა,
მარსელ მარიენი, "The Tao"

დაარსებიდან 100 წლის თავზე, ბრიუსელში, ბოზარის ხელოვნების ცენტრსა და ვიზუალური ხელოვნების მუზეუმში, სიურრეალიზმის გამოფენა იმართება. გამოფენა “histoire de ne pas rire” (“არ გაცინების” ხელოვნება) სახელითაა ცნობილი და განსაკუთრებულ ყურადღებას იმ პოლიტიკურ-ისტორიულ წარსულს აქცევს, რომელიც ომებისა თუ გლობალური ეპიდემიის ფონზე ჩვენს დროშიც მეორდება.

ზევით