#მუსიკა #THE DIARY ORIGINALS

ლიკუნას და საბას GEN Z დუეტი THE DIARY ORIGINALS-ის სტუმარია

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

ლიკუნას და საბას დუო მეტია, ვიდრე ორი ხმა, რომელმაც სამყაროს მილიონობით ხმაში ერთმანეთი იპოვა. ისინი ქართული Gen Z მუსიკალური სამყაროს ვარსკვლავები არიან. ლიკუნა თუთისანი კონსერვატორიაში ჯაზის მიმართულებით სწავლობს, საბა ჩაჩუა კი, კონტენტ კრეატორია. ერთმანეთს The Voice-ში შეხვდნენ, მუსიკალური ჰარმონია იპოვეს და ახლა ქმნიან მუსიკას ისე, თითქოს ორი სული ერთ სხეულშია მოქცეული. Likuna & Saba ჩვენი რუბრიკის, The Diary Originals-ის სტუმრები არიან. ინტერვიუს ჩასაწერად, ტრადიციულად, chicos.tbilisi-ს კაფეს ვესტუმრეთ.

Likuna Tutisani, Saba Chachua, ლიკუნა თუთისანი, საბა ჩაჩუა, chicos.tbilisi

რა არის თქვენთვის მუსიკა?

ლიკუნა: ხანდახან, როცა სიმღერას ვუსმენ ან ვაკეთებ, უცბად ვიაზრებ, თუ რა მაგარია, იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც მუსიკის შეგრძნების, მოსმენის და გააზრების უნარი აქვს. ამით ვარ ბედნიერი.

საბა: ჩემთვის მუსიკა არის ის, რაც ყველანაირ ემოციას, დადებითსაც და უარყოფითსაც, აერთიანებს. ამ თემის ირგვლივ, ყველაფერი შეგიძლია იგრძნო და დაინახო. არც ერთ პროფესიას არ აქვს ამდენად შესამჩნევად ეს თვისება. ერთდროულად თავისუფლებისა და შებოჭილობის შეგრძნებაა შესაძლებელი.

რომელი ქართველ და უცხოელ არტისტთან ისურვებდით კოლაბორაციას?

საბა და ლიკუნა: ქართველი არტისტებიდან სტეფანესთან, უცხოელებიდან ჯეიკობ კოლიერთან.

ლიკუნა: ჯეიკობთან კოლაბორაცია იქნებოდა ჩვენი განვითარების ზენიტი. მგონია, რომ ეს ბიჭი მხოლოდ სული და მუსიკაა. საერთოდ, კოლაბორაციები მგონია რომ აუცილებელია.

მუსიკაში, ან ზოგადად ხელოვნებაში თუ ხარ, არ უნდა იყო ჩარჩოში, ყველაფერი უნდა მიიღო. რა იცი რაში გამოგადგება.

საბა: გარდა იმისა, რომ უდიდეს სიამოვნებას მივიღებდით, მგონია, რომ იმხელა მასტერკლასი იქნებოდა, მარტო ჩვენთვის კი არა, ყველა მუსიკოსისთვის. მეც მგონია, რომ რაც შეიძლება მეტი, სხვადასხვა ჟანრის ადამიანთან უნდა გქონდეს ურთიერთობა, ყველასგან რაღაც ახალი უნდა წამოიღო.

ლიკუნა თუთისანი, საბა ჩაჩუა, Likuna Tutisani, Saba Chachua

ვინ არის თქვენთვის ინსპირაციის წყარო?

ლიკუნა: გიგაშა, ნინი ნუცუბიძე, ჯანგო, კორძი… უამრავი მახსენდება. იმდენად თავისუფლები და ნიჭიერები არიან, რომ მათი მოსმენა ძალიან მსიამოვნებს. ამ მუსიკოსების ერთი ვერსია, მე თვითონ იმდენნაირად მომისმენია, რომ აი, არ ვიცი.

საბა: მუსიკოსების გარდა, ინსპირაციაა პროექტი “რანინაც”.

თქვენს პირველ სიმღერაზე მოგვიყევით, როგორი იყო მასზე მუშაობის პროცესი?

ლიკუნა: სიმღერა ნატალია თოთიბაძემ დაწერა, კლიპი საბას ტელეფონით, საბას სამსახურის ერთ ოთახში გადავიღეთ. მუშაობის პროცესში ისე გავიდა დრო, რომ ვერც მივხვდი.

საბა: ნატალია როგორიც არის, ეგეთია სიმღერაც. სიმღერასაც ის პატარა ჯადოქრობა აქვს, რაც თავად მას ახასიათებს.

Saba Chachua, Likuna Tutisani, ლიკუნა თუთისანი, საბა ჩაჩუა

როგორია იყო საქართველოში Gen Z არტისტი?

ლიკუნა: მუსიკის კეთების მხრივ, კარგ დროს მოგვიწია ცხოვრება. ისეთ დროში ვართ, რომ კლიპის გადაღება მობილურითაც კი შეგვიძლია. ტექნიკურად გვაქვს საშუალება, გავიმარტივოთ მუსიკაზე მუშაობა. თან სოციალური ქსელებიც ძალიან გვეხმარება.

Likuna Tutisani, ლიკუნა თუთისანი, The Voice

საბა: შედარებით უფრო თავისუფალი ხარ ვიდრე ნებისმიერი სხვა თაობის წარმომადგენელი ქართველი არტისტი. უფრო ნაკლები ბრძოლა გიწევს რაღაცებისთვის. რაც გინდა, როგორც გინდა ისე აკეთებ და ამაში ხელს არავინ გიშლის.

საქართველოში ხედავთ თქვენს მომავალს?

ლიკუნა: მაგაზე ვფიქრობ ყოველდღე. იტალიაში ვიყავი 1 წელი და მაგისტრატურზეც მინდა რომ იქ ჩავაბარო. მგონია, რომ სანამ ამ ასაკში ვარ, ჯობია ევროპაში მოვიკრიბო ყველანაირი გამოცდილება და მერე ჩამოვიდე აქ.

ლიკუნა თუთისანი, likuna tutisani

საბა: ლიკუნა ევროპას დაიპყრობს და მე საქართველოს მივხედავ. კარიერულად თუ სადმე დავფუძნდები, მაინც საქართველო იქნება. ყველაზე მეტად, სახლში თავს აქ ვგრძნობ.

ორივე ქართულ კონკურსებში ხართ გაზრდილი. თქვენი აზრით, მუსიკოსის ცხოვრებაში რა როლი აქვთ კონკურსებს?

საბა: გამოცდილებას გაძლევს. თუნდაც ის, რომ მე აქ ვზივარ და ვსაუბრობ, კონკურსების დამსახურებაა, რადგან კომუნიკაციის უნარს გივითარებს. მუსიკალურადაც ძალიან ვითარდები. ვინმეს რომ ეჯიბრები, შენს თავში დამალულ რაღაცებს აღმოაჩენ-ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ სტრესიც მახსენდება, თვითონ პროცესი იყო ძალიან კარგი, ეგ მიყვარდა ყველაზე მეტად.

საბა ჩაჩუა, Saba Chachua

ლიკუნა: ძალიან დიდი როლი აქვს კონკურსებს. აქ რომ ვართ მაგის დამსახურებაცაა. კომპლექსები გეხსნება და ადამიანებთან ურთიერთობას სწავლობ. ტურებიც ძალიან კარგი რამაა, ერთ კვირა რომ გვაქვს მოსამზადებლად, სწავლობ მოკლე დროში როგორ უნდა დაამუშაო ვოკალურად სიმღერა.

ერთად მუსიკის კეთება როცა დაიწყეთ, რა იყო ის სიახლე, რაც ერთმანეთში აღმოაჩინეთ?

ლიკუნა: როცა რამე ვერსიის კეთებას ვასრულებთ, ემოციურად ვიცლებით და ვატყობ, რომ ძალიან ვაბედნიერებთ ერთმანეთს. საბა ძალიან კრეატიული, მიმღებია და ყველაფერში მოგყვება. განსჯა არ ახასიათებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

Likuna Tutisani, Saba Chachua, საბა ჩაჩუა, ლიკუნა თუთისანი

საბა: მე ძალიან კარგად მახსოვს ის ემოცია, პირველად სიმღერის ჩაწერის შემდეგ რომ გქონდა. მაშინ ლიკუნაში ისეთი სიღრმე დავინახე... ისედაც ვიცოდი, რომ როგორც მომღერალს საოცრად შეუძლია პროდუქტი მოგაწოდოს, მაგრამ ერთად სიმღერის შემდეგ ამის მიღმა კიდევ სხვა შრეები დავინახე.

სად შეგვიძლია თქვენი მოსმენა?

ლიკუნა: სპოტიფაიზე ვართ უკვე. მე "არტერიაშიც" ვმღერი.

ზევით