ნინო ხარატიშვილის მოთხრობილი კიდევ ერთი ადამიანური ტრაგედია

ადამიანი ნამდვილ მეს მაშინ ხვდება, როცა ბოროტებას სჩადის. ერთი დანაშაულის თანამზრახველების დაწყევლილი ბედი კი სამუდამოდ კავშირდება. ეს ძალიან ადამიანური ამბავი ლიტერატურის მეშვეობით ამოვხსენით და ჩვენს ცნობიერში დაისადგურა შიშმა - რას გავაკეთებთ მაშინ, თუ მოგვეცემა უსაზღვრო ძალაუფლება ან აღმოვჩნდებით დილემის წინაშე, სადაც სასწორის ერთ მხარეს სიცოცხლე, მეორეზე კი სასტიკი დამნაშავის სტატუსი დევს?

ნინო ხარატიშვილი

საკუთარი რეალური მეს დანახვის შიშს ნინო ხარატიშვილის წიგნი "კატა და გენერალი" ასმაგად საზარელს ხდის. ნინო ხარატიშვილი გერმანულ ენოვანი ქართველი მწერალია, რომელიც მთელმა მსოფლიომ თავისი სქელტანიანი წიგნებით გაიცნო. მწერლის თითოეული წიგნის სიუჟეტის ხლართები იმდენად საინტერესოა, რომ ასობით გვერდი თვალსა და ხელს შუა შემოგვეკითხება ხოლმე. "კატა და გენერალი" 2018 წელს გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა, ახლახან კი ქართულად, ნათია მიქელაძე-ბახსოლიანის თარგმანი, გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა.

ხარატიშვილის წიგნები ბედის ირონიისა თუ ისტორიის ციკლურობის გამო, ხშირად მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და სამყაროს პრობლემებისგან გასაქცევ ლიტერატურაზე მეტად, რეალობის სიმახინჯეს გვანახებს, ინტროსპექციისა და ისტორიისთვის თვალის გასწორებისკენ გვიბიძგებს. თუ "მერვე სიცოცხლე (ბრილკას)" და "უკმარი სინათლე" მხატვრულ სივრცედ საქართველოს ირჩევს, "კატა და გენერალი" ჩეჩნეთზე და იქ დატრიალებულ ომის სისასტიკეზე ფოკუსირდება.

ნინო ხარატიშვილი
"კატა და გენერლის" პრეზენტაცია. ფოტო: გამომცემლობა "ინტელექტი"

"კატა და გენერალი" ჩეჩნეთის ომის ტრაგიკულ პერსონაჟებზე გვიყვება. სიუჟეტი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. ეს არის ჩეჩენი გოგოს ისტორია, რომელიც ხარატიშვილმა რუსი ჟურნალისტისა და მწერლის, ანა პოლიტკოვსკაიას წიგნში ამოიკითხა და თავისი რომანის მთავარ ღერძად აქცია. ნამდვილი ამბავი ე.წ. ბუდანოვის საქმეს ეხება, სამხედრო პირს, რომელსაც ჩეჩნეთში გზავნიან. ბუდანოვი სხვა რუს ოფიცრებთან ერთად 18 წლის ელზას აუპატიურებს და კლავს. იური ბუდანოვი 2011 წელს მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილეს.

მწერალი ამბის უკეთ შესწავლისთვის პანკისელი ქალების დახმარებით ჩეჩნეთში ჩავიდა. დროში გაყინული, პუტინისა და კადიროვის აჩრდილებით სავსე ქვეყანა ტრავმისა და შფოთის, ტრაგედიისა და დეპრესიის ცოცხალ მუზეუმადაა ქცეული. ომი, რომელზეც არავინ საუბრობს, ყველას სახლში ოჯახის წევრივით დილით იღვიძებს და საღამოს დასაძინებლად მიდის. ერთი ოჯახიც არ არის, სადაც ომმა არ შეიწირა დედა, მამა, ძმა და თუ მეგობარი. სიურრეალურ სამყაროში ნინოს "მოგზაურობამ" მკითხველს რუსეთის სისასტიკის, ადამიანის ფსიქოლოგიისა და უცნაური დამთხვევების შესახებ წიგნი გვაჩუქა.

ნინო ხარატიშვილი
ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი და ნინო ხარატიშვილი.ფოტო: გამომცემლობა "ინტელექტი"

თავად ავტორის თქმით, წიგნს კრიმინალური გამოძიების ელფერი აქვს, თითოეული ამბავი დიდი ფაზლის ნაწილია, რომელიც საბოლოოდ თუ აიწყობა საკითხავი აი ეს არის. სიუჟეტის მიხედვით 1995 წელს რუსული შენაერთი ჩეჩნეთის მაღალმთიან სოფელს თავს ესხმის. სოფელში 17 წლის ნურა ცხოვრობს, რომელსაც გეგმები, ოცნებები და მისწრაფებები აქვს. მას სოფლიდან გაქცევა, კლანებისა და მუდმივი შიშის გარეშე ცხოვრების დაწყება სურდა. გამორჩეულ, განსაკუთრებულ გოგონას ტერორისტულ დაჯგუფებასთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. დაკითხვა ნურას გაუპატიურებით, წამებითა და მკვლელობით სრულდება. ამ ამბის მონაწილეები, სხვა რუს ოფიცრებთან ერთად, ორი საუკეთესო მეგობარია, რომლებიც ნურას ტრაგიკული ბედის იძულებითი პერსონაჟები ხდებიან.

კატა და გენერალი, ნინო ხარატიშვილი

ყიდვა

წლების შემდეგ ერთ-ერთი მათგანი, ალექსანდრ ორლოვი, მულტი მილიონერი ოლიგარქი ხდება და ზედმეტსახელად "გენერლის" წოდებას ირგებს. გენერლის წარსული მის აწმყოს კიდევ უფრო ტრაგიკულ მოვლენებში ხვევს და დგება საჭიროება, მიუბრუნდეს იმ სასტიკ მოვლენას, რომლის მონაწილე თავადაც შეიქმნა. სათაურში გამოტანილი "კატა" ბავშვობისას გერმანიაში ემიგრირებული ქართველი გოგონას მეტსახელია, გენერალი კი, ზრდასრულ ასაკში ბერლინში საცხოვრებლად გადასული რუსი ოლიგარქის. ხოლო ის, ვინც ამ ორ ადამიანს აერთიანებს, ვის გამოც მათი გზები უცნაურად იკვეთება, ჩეჩენი გოგონაა, ნურა.

ნინო ხარატიშვილი, ჩემი საყვარელი ორეული, უკმარი სიცოცხლე

სხვადასხვა სიუჟეტების ერთიანობით იკვრება ამბავი, რომლის წაკითხვის შემდეგ რთულია შეწყვიტო ფიქრი ომზე, რომელსაც ათასობით ჩეჩენი ნურა გაუწამებია, მილიონობით ოცნება დაუმსხვრევია. 21-ე საუკუნეშიც კი მსოფლიო ვერ თავისუფლდება ოლიგარქებისგან, ბელადებისა თუ ფიურერების სისხლით მოწამლული მემკვიდრეებისგან.

ნინო ხარატიშვილის სხვა წიგნები, როგორებიცაა "მერვე სიცოცხლე (ბრილკას)", "ჟუჟა", "ჩემი საყვარელი ორეული" თუ "უკმარი სინათლე", უკვე გახდა მსოფლიო და ქართული ბესტსელერი. ეჭვი მაქვს, "კატა და გენერალიც" იმავე გზას უკვე დაადგა.

ზევით