#ფოტოამბავი

ნათელა გრიგალაშვილის ამოუწურავი საქართველო

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

თითქოს მთელმა სამყარომ პირი შეკრაო - ნისლი, მზე და ღრუბლები შეშდებიან, წამი ჩერდება და ნათელა გრიგალაშვილი კადრს იჭერს. სხვანაირად ვერ ავხსნით იმ საოცრებებს, რასაც ქართველი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი ქმნის. ნათელა გრიგალაშვილის ფოტოსერიები საქართველოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებზე გვიყვება ამბებს, მათ ყოფიერ ცხოვრებას, პრობლემებს, სიხარულსა თუ სევდას ასახავს. მას შეუძლია თავისი შემოქმედებით გვამოგზაუროს მაღალმთიან აჭარაში, დუხობორების სოფლებში, მშობლიურ თაგვეთში, დაგვანახოს ტყიბული, ზესტაფონი თუ ჭიათურა განსხვავებული თვალით და აღმოგვაჩენინოს ჩვენივე სამშობლო თავიდან.

Natela Grigalashvili, ნათელა გრიგალაშვილი, ქართველი ფოტოგრაფი
ნინო ბაიდაურის ფოტო

ქართველი ფოტოგრაფი უამრავი ჯილდოს მფლობელია და თავადაც არაერთი ფოტოკონკურსის ჟიური ყოფილა. სულ ახლახან, ის Magnum Photos-სა და Polaroid-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის გამარჯვებულთა შორის მოხვდა. TheDiary-ისთან ინტერვიუში ნათელა გრიგალაშვილი საქართველოს ამოუწურავ ბუნებაზე, ფოტოგრაფიის დანიშნულებასა და დოკუმენტური ფოტოს მნიშვნელობაზე გვიყვება.

Natela Grigalashvili, ნათელა გრიგალაშვილი, მაღალმთიანი აჭარა, დოკუმენუტირ ფოტოგრაფია

რატომ აირჩიეთ დოკუმენტური ფოტოგრაფია?

დოკუმენტური კინოს ოპერატორობა მინდოდა და დოკუმენტური კინო უფრო მაინტერესებდა ყოველთვის, ვიდრე მხატვრული. აქ რომ მესწავლა, აუცილებლად უნდა ჩამებარებინა ფოტოგრაფიის საგანიც. მაშინ არ ვფიქრობდი რომ ფოტოგრაფიას გავყვებოდი. მაგრამ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო, მიყვარს ამბისა და მათზე ჩემი დამოკიდებულებების, ემოციების ასახვა.

Natela Grigalashvili, ნათელა გრიგალაშვილი, დოკუმენუტირ ფოტოგრაფია

როგორ ახერხებთ, რომ გადაიღოთ ფოტო, რომელიც ხელოვნების ნიმუშია და ამავდროულად სრული სიზუსტით ასახავს ადამიანის ყოფას?

ყველაზე მეტად ამ გარემოში დიდი დროის გატარება მეხმარება. ერთია, რომ ყოველთვის ვიღებ იმას, რაც მაინტერესებს, მიზიდავს და მნიშვნელოვანია ჩემთვის. და ამასთანავე, ვცდილობ იმ გარემოში რაც შეიძლება დიდხანს ვიყო, ვიყო ამ ადამიანების გვერდით და კარგად გავიცნო მათი ცხოვრება. როდესაც მათთვის შინაური ვხდები, ისინიც მოეშვებიან და ხდებიან ისეთები, როგორებიც რეალურად არიან.

Natela Grigalashvili, ნათელა გრიგალაშვილი, ზესტაფონი, დოკუმენუტირ ფოტოგრაფია

შესაძლებელია დოკუმენტური ფოტოგრაფიიდან სუბიექტურობის გაქრობა?

არა მგონია. ზოგადად, ითვლება, რომ დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში ობიექტური ხარ. მე ვერ ვიტყოდი ბოლომდე ობიექტური ვარ თუ სუბიექტური. მაგრამ ერთი რამის მაინც მწამს, რომ როდესაც ერთ ამბავს ათი ფოტოგრაფი იღებს, ყველა ფოტოში 50 პროცენტი ფოტოგრაფი ჩანს. თითოეული ფოტო მნახველშიც სხვადასხვა ემოციას იწვევს და განსხვავებულ გავლენას ახდენს მათზე.

Natela Grigalashvili, ნათელა გრიგალაშვილი, მაღალმთიანი აჭარა, დოკუმენუტირ ფოტოგრაფია

როგორია საქართველო ნათელა გრიგალაშვილის თვალში?

ძალიან ფოტოგრაფიული ქვეყანაა და ძალიან ბევრი რამ არის, რაც ჯერ ფოტოგრაფის თვალით არ აღმოჩენილა. როცა გავაცნობიერე, თუ რა მინდოდა ფოტოგრაფიაში, მივხდი რომ საქართველოს ყველა კუთხისა თუ რეგიონის გადაღება მინდოდა. ფოტოგრაფიას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია - მას ისტორიის შემონახვა შეუძლია. სულ მინდოდა და მინდა, ეს ისტორია რაღაცით შემოვინახო. ჩემთვისაც, როგორც მოგონებები და მომავალი თაობასაც დავუტოვო ის, თუ როგორია დღევანდელი საქართველო. ცვლილები რაც ახლა ხდება, ათი წლის შემდეგ სულ სხვა თვალით შესახედი იქნება და მოვლენები, რაც მეტი დრო გადის, უფრო და უფრო მნიშვნელოვნად და საინტერესოდ იქცევა.

შეიძლება მომავალში, დღევანდელი მოვლენა სულ სხვანაირად აღმოაჩინო, დაინახო ის, რასაც ახლა ვერ ამჩნევ.

Natela Grigalashvili, ნათელა გრიგალაშვილი, დოკუმენუტირ ფოტოგრაფია

ერთი რამ, რამაც საქართველოს კუთხეებში ფოტოაპარატით მოგზაურობისას გაგაკვირვათ.

სადაც არ უნდა წავიდე, ამ ადამიანებთან ურთიერთობებში უამრავ სიახლეს აღმოვაჩენ ხოლმე და ძალიან ბევრ რამესაც ვსწავლობ მათგან. მაგალითად, პანკისში ყოფნისას, მე-9 ან მე-10 კლასელ ბავშვებს ფოტოგრაფიას რომ ვასწავლიდი, მათგან იმდენი რამ ვისწავლე... ბავშვებისგან ვისწავლე ის, რაც ვფიქრობ, რომ ჩვენ ნელ-ნელა დავკარგეთ - ესაა მზრუნველობა, ერთმანეთთან თუ უფროსებთან დამოკიდებულება.

Natela Grigalashvili, ნათელა გრიგალაშვილი, დოკუმენუტირ ფოტოგრაფია

რომელია ის თვისება, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფოტოგრაფს?

ცნობისმოყვარე და მშრომელი უნდა იყოს. დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში ბევრი მოგზაურობა გიწვევს. ფოტოგრაფმა უნდა შეძლოს სიცივის, სიცხის, დაღლილობის ატანა. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საკუთარი თავი და სათქმელი უნდა ეძებოს. ძიებას შეიძლება წლები დასჭირდეს ან თავიდანვე იცოდეს ფოტოგრაფმა, რა სურს. მთავარია, საბოლოოდ აღმოაჩინოს ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მისთვის და ეს სათქმელი ფოტოგრაფიით თქვას.

უნდა აჩვენო სამყაროს ის, რასაც შენ თვითონ ეძებ და ბოლოს ფოტოგრაფიის საშუალებით პოულობ.

Natela Grigalashvili, ნათელა გრიგალაშვილი, მაღალმთიანი აჭარა, დოკუმენუტირ ფოტოგრაფია

რა არის ფოტოგრაფიის დანიშნულება?

არ არსებობს ამ სამყაროში სფერო, მიწისქვეშეთიდან კოსმოსამდე, რომ ფოტოგრაფია არ გამოიყენებოდეს. რა თქმა უნდა, ისაა ხელოვნების დარგი, მაგრამ ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულება ისტორიის შემონახვაა. ფოტოგრაფია საშუალებაა, ადამიანებს ამბები, ემოციები, მოვლენები, შენი განცდები მოუყვე.

Natela Grigalashvili, ნათელა გრიგალაშვილი, მაღალმთიანი აჭარა, დოკუმენუტირ ფოტოგრაფია

საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ბევრი ხელოვანისთვის ის ინსპირაციის ამოუწურავ წყაროდ რჩება. თქვენთვის რა არის ამის მიზეზი?

ჩემი აზრით, ეს ადამიანზეა დამოკიდებული. უნდა გქონდეს ცნობისმოყვარეობა და ყოველთვის ეძებო. შეიძლება, სულაც ერთ პატარა სოფელში იყო, მთელი ცხოვრება მას იღებდე და სულ სხვადასხვა რაღაცები აღმოაჩინო. გააჩნია იმას, თუ როგორია შენი, როგორც ადამიანის, მიდგომა სამყაროს მიმართ. ვიღაცისთვის შეიძლება მთელი მსოფლიოც კი არ იყოს საკმარისი.

Natela Grigalashvili, ნათელა გრიგალაშვილი, დოკუმენუტირ ფოტოგრაფია

როდის ხვდებით, რომ უნდა გადადოთ ფოტოაპარატი გვერდით, რადგან იმ მომენტში მორალურად არასწორია ფოტოს გადაღება?

ისეთი მომენტები მქონია, რომ მიფიქრია, ჯობია რაღაც უბრალოდ დაიმახსოვრო-მეთქი. არ არის აუცილებელი ყველაფერი გადაიღო. ყოფილა მომენტი, როდესაც შემრცხვენია, რომ გადამეღო. როცა ადამიანების წუხილი დავინახე, სინდისმა არ მომცა გადაღების საშუალება. ისეთი შემთხვევაც მქონია, რომ მიფიქრია, აი როგორღაც აქ არ ავტირდე, ერთი კადრის გადაღება მოვასწრო და წავიდე-მეთქი. მაგრამ, არასდროს მინანია, რომ რაიმე არ გადავიღე. ვფიქრობ, იმ მომენტში ეს ჩემგან უფრო სწორი გადაწყვეტილება იყო.

ზევით