ვისაც უეს ანდერსონის შემოქმედება ჩემსავით გიყვართ, ალბათ, ყველას გისურვიათ მის ფერად და ორიგინალურ სამყაროში ცხოვრება. რეჟისორის კინემატოგრაფია ყველასგან გამორჩეულია. შეუძლებელია მისი რომელიმე ფილმის კადრი ნახო და მაშინვე არ ამოიცნო განუმეორებელი ხელწერა. მან, როგორც კინორეჟისორმა, უნიკალური სიუჟეტებითა და ვიზუალურად გასაოცარი სცენებით, საკუთარი ნიშა შექმნა. მის ყოველ ახალ ფილმში გამორჩეულ არქიტექტურულ სტილს, პერსონაჟებად ქცეულ ოთახებსა და ინტერიერს ვხვდებით, რომლებიც ისეთივე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, როგორც მსახიობები.
უეს ანდერსონის კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიშანი სიმეტრიულობაა.
რეჟისორის ყველა კადრი “მათემატიკური” სიზუსტითაა შექმნილი და იმდენად სიმეტრიულია, რომ მაყურებლის თვალს მაშინვე უსაზღვრო სიამოვნებას აგრძნობინებს. ბალანსის, წესრიგისა და სიზუსტის სიყვარული მისი ფილმების ყველა ელემენტზე ვრცელდება. იდეალურად სიმეტრიული დეტალები ვიზუალურ კომპოზიციას ჰარმონიულს ხდის, თუმცა ამავდროულად მის ხელოვნურობას უსვამს ხაზს. ამერიკელი რეჟისორი მაყურებელს ხელოვნურად შექმნილ არაამქვეყნიურ სამყაროში მოგზაურობით საშუალებას აძლევს, ქაოსურ, უკონტროლო რეალობას ცოტა ხნით მაინც გაექცეს.
"სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი"
უეს ანდერსონის ნამუშევრებიდან, ალბათ, ყველაზე ცნობილი “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტია”, რომელიც სიუჟეტის მიხედვით გამოგონილ დუბროვკას რესპუბლიკაში მდებარეობს. სასტუმროს ყოველი სართულის ინტერიერი მისი ისტორიის გარკვეულ პერიოდს ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს დიზაინი უეს ანდერსონის წარმოსახვაში შეიქმნა, ფილმი რეალურ ადგილას, გერმანიის უძველეს სავაჭრო ცენტრშია გადაღებული. “გრანდ ბუდაპეშტის” პასტელური ფერები კი, რომლებიც 1950-იანი და 1960-იანი წლების ესთეტიკას აღვიძებს, ეკრანზე ნამდვილად რეჟისორის გონებიდან გადმოვიდა.
“The Royal Tenenbaums”
უეს ანდერსონის შემოქმედება მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სახლის ინტერიერი ადამიანის შინაგანი სამყაროს ამსახველად აქციო. ფილმში “The Royal Tenenbaums” ტენენბაუმების უჩვეულო ოჯახზე გვიყვება. მათი ნიუ-იორკში მდებარე სახლის დიზაინი ისეთივე ექსცენტრული და არაორდინალურია, როგორც თავად პერსონაჟების ხასიათი. მარგოს ოთახი, ზებრას პრინტის შპალერითა და სათამაშო ბილიკებით, მის იდუმალ ბუნებასა და ბავშვობაზე გვიყვება. რიჩის საძინებლის დეტალები კი მის წარუმატებელ საჩოგბურთო კარიერას გვახსენებს. ვინტაჟური სპორტული აღჭურვილობა და ჯილდოებით სავსე თაროები ტენენბაუმის შეუსრულებელ მიზანსა და წარუმატებლობას ასახავს.
“The Darjeeling Limited”
სიუჟეტი ინდოეთისკენ მიმავალ მატარებელში მიმდინარეობს და მისი ინტერიერი ერთგვარად პერსონაჟების, სამი ძმის ემოციურ მოგზაურობაზე გვიყვება. კუპეები წითელი, ოქროსფერი და ლურჯი ფერებითაა გაჟღენთილი, რითაც რეჟისორი ინდოეთის მდიდარი კულტურის წარმოჩენას ცდილობდა. მატარებლის დეკორი ისტორიებს პირველი კლასის მდიდრული სალონებიდან, ქვედა კლასების მოკრძალებულ სივრცეებამდე მოგვითხრობს. ერთ-ერთი პერსონაჟის როლს მატარებელიც თამაშობს და მისი დიზაინით ამერიკელი კინორეჟისორი არაჩვეულებრივად აღწერს აღმოსავლეთის ესთეტიკას.
უეს ანდერსონის ფილმებში არქიტექტურა და დიზაინი ხშირად თხრობის მექანიზმია, რომელსაც პერსონაჟების ემოციები, ისტორიები და ქმედებები ჩვენამდე, მაყურებლამდე მოაქვს. შედეგად ფილმების მნიშვნელოვანი კომპონენტი არა მხოლოდ დასამახსოვრებელი პერსონაჟები და უჩვეულო ისტორიები, არამედ ინტერიერიც ხდება. უეს ანდერსონი გვარწმუნებს, რომ არქიტექტურული ელემენტებისა და დეკორის მნიშვნელობა იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ მისი სილამაზე, დანიშნულება და ფიზიკური კონტექსტი.
დღეს The Diary-ის რედაქცია ელენე მიქაბერიძეს გაგაცნობთ. ელენე დოკუმენტური კინოს რეჟისორია, რომლის ამბავიც 1993 წელს ბელგიაში ემიგრაციასა და საოკუპაციო ხაზით იძულებით გაყოფილი ოჯახის ისტორიას მოიცავს. ელენემ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით - "ლურჯი მოცვი", საქართველოსა და მსოფლიოში აღიარება უკვე მოიპოვა.
2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის მთავარი ტრენდი ხელოვნური ბეწვის მოსაცმელებია. დიზაინერები კოლექციებში მრავლად ვიხილავთ სხვადასხვა ფერისა თუ ზომის ბეწვის ქურთუკებს.
კეიტ უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს მეგობრობა საკულტო ფილმ "ტიტანიკიდან" იწყება და უკვე 25 წელზე მეტს ითვლის. ლოს-ანჯელესში კეიტის ახალი ფილმის, Lee-ის ჩვენებაზე მეგობრის მხარდასაჭერად დიკაპრიოც გამოჩნდა.