#მოგზაურობა

დღეიდან ზაფხულის ბოლომდე - 6 ფესტივალი დუბაიში, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

ალბათ, უკვე ყველამ დაიწყეთ ზაფხულის ცხელი დღეების დაგეგმვა. თუ დანიშნულება ჯერ კიდევ არ აგირჩევიათ, დუბაი საუკეთესო ვარიანტია შვებულების მრავალფეროვნად გასატარებლად. წინა სტატიიდან უკვე გეცოდინებათ, თუ რომელ ღირსშესანიშნაობებს ეწვიოთ ემირატების მთავარ ქალაქში გაზაფხულზე, დღეს კი მინდა, მომდევნო თვეების მნიშვნელოვან ფესტივალებსა თუ კულტურულ ღონისძიებებზე მოგიყვეთ, რომელთათვისაც ნამდვილად ღირს დუბაიში გამგზავრება.

esports,dubai esports and games festival,dubai events,

Dubai esports and games festival

ბოლო წლებში მეტად პოპულარული გახდა ვიდეო თამაშები, რამაც საბოლოოდ, მის კიბერსპორტად ჩამოყალიბებას მისცა ბიძგი. Dubai Esports Festival თამაშებისა და ინოვაციების მოყვარულებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ფესტივალი წელს მესამედ ტარდება და 19 აპრილიდან 5 მაისამდე გაგრძელდება.წლევანდელი ღონისძიება ყველაზე დიდია, რაც კი აქამდე ყოფილა. ტურნირები, სპორტული აქტივობები და სემინარები მთელი ქალაქის მასშტაბით გაიმართება. 1-2 მაისს კიბერსპორტის ფესტივალის ფარგლებში დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში Gameexpo Summit გაიმართება, სადაც ინდუსტრიის ექსპერტებს შეხვდებით. ექსკლუზიური B2B ღონისძიება 100 ექსპერტთან მოლაპარაკების შესაძლებლობას მოგცემთ. 3-5 მაისს კი იმავე ლოკაციაზე მოთამაშეების საბოლოო ღონისძიება შედგება, სადაც შეგეძლებათ უახლესი თამაშები და აღჭურვილობა დატესტოთ.

eid al fitr,dubai,muslim new year

Id al fitr

Id al fitr-ის დღესასწაული რამადანის დასასრულს აღინიშნება და ყოველ წელს 10 აპრილიდან ერთი კვირა გრძელდება. მისი განუყოფელი ნაწილია ტრადიციული ფარნები და მყუდრო განათებები, რომლებიც დუბაის ყველა ქუჩას სადღესასწაულო ელფერს სძენს. გარდა ამისა, ეიდ ალ-ფიტრს ყოველთვის ახლავს ფესტივალები, კონცერტები, შოუები, გასართობი აქტივობები და სასიამოვნო ფასდაკლებები. დღესასწაულის დასასრულს ტრადიციულად თან ახლავს ფერადი ფეიერვერკების შოუ, რომლითაც ქალაქის ნებისმიერი ნაწილიდან შეგიძლიათ დატკბეთ.

 

დუბაის გასტრონომიული ფესტივალი

დუბაის გასტრონომიულ ფესტივალზე გურმანებს ნამდვილი სამოთხე დაგხვდებათ. წელს ღონისძიება უკვე მეთერთმეტედ ტარდება და თითქმის ერთი თვე გაგრძელდება: 19 აპრილიდან 12 მაისამდე. ფესტივალი შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევთ, რომ ემირატებში მოგზაურობისას კულინარიული შედევრებით დატკბეთ, რეგიონის ტრადიციულ კერძებს გაეცნოთ და ამასთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. ფესტივალის თარიღებს ასევე რესტორნების კვირეული ემთხვევა, რომელიც 28 აპრილიდან 7 მაისამდე ეწყობა. კარგი ის არის, რომ ამ პერიოდში დუბაის უამრავი, მათ შორის ცნობილი და ძვირადღირებული, რესტორანი განსაკუთრებულ ტარიფებს შემოგთავაზებთ. ფესტივალის ფარგლებში პირველად გაიმართება Gault&Millau Culinary Innovators ღონისძიება, რომელიც დუბაის მზარეულებს მოუყრის თავს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, 11-კერძიანი სადეგუსტაციო მენიუთი დატკბნენ, რომელიც შეფ-მზარეულების კულინარიულ ხედვასა და კრეატიულობას წარმოაჩენს. საღამო გარე ტერასაზე ცოცხალი მუსიკის თანხლებით გაგრძელდება.

eid al adha,dubai,ramadan,

Eid Al-Adha

ეიდ ალ-ადჰა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არდადეგებია ისლამურ კალენდარში: ის ჰაჯის - მექაში ყოველწლიური პილიგრიმობის სეზონის დასრულებას აღნიშნავს. დღესასწაულის თარიღი მთვარის ციკლზეა დამოკიდებული და წელს 17 ივნისს იწყება. დუბაიში სამოგზაუროდ განსაკუთრებული დროა იმის გამოც, რომ ადგილობრივი ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის შესაძლებლობა გექნებათ. ამ პერიოდში მთელს ქალაქში ფესტივალები, მუსიკალური წარმოდგენები და გასართობი აქტივობები იმართება, სავაჭრო ცენტრებში კი საოცარი ფასდაკლებები დაგხვდებათ. ადგილობრივი კერძების დაგემოვნებისთვისაც აუცილებლად უნდა გამონახოთ დრო. ისლამური ტრადიციების გასაცნობად და რელიგიური თუ კულტურული ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, შეგიძლიათ არაერთ ტურს შეუერთდეთ.

world art dubai,art fair dubai,paintings,exhibition

World Art Dubai

თბილისის ხელოვნების ბაზრობის შემდეგ დუბაიშიც შეგიძლიათ რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან და მასშტაბურ სახელოვნებო ღონისძიებას დაესწროთ. 2-დან 5 მაისამდე დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში World Art Dubai გაიმართება, რომელიც 300-ზე მეტ გალერეასა თუ დამოუკიდებელ მხატვარს საზოგადოებას გააცნობს. ღონისძიება 15 000-მდე ვიზიტორს მოიზიდავს და მათ ნამუშევრების დათვალიერების გარდა, მასტერკლასებს, სპექტაკლებსა და საგანმანათლებლო ლექციებს სთავაზობს.

dubai summer suprises,sale,dubai mall,dubai world trade center,restaurants,hotels dubai

Dubai Summer Surprises

28 ივნისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით დუბაის მოსახლეობა თუ ტურისტები მოუთმენლად ელიან ზაფხულის ფესტივალს, რომელიც უამრავ ფასდაკლებას, გათამაშებებსა და პრიზებს მოიცავს. სპეციალური შეთავაზებები არა მხოლოდ სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში დაგხვდებათ, არამედ სასტუმროებში, რესტორნებსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე. ფესტივალის თანმდევი ნაწილია ფერადი შოუები და ცოცხალი პერფორმანსები. ფესტივალის საბავშვო პროგრამის Kids Go Free წყალობით, 12 წლამდე ბავშვების განთავსება, კვება და გართობა უფასოა. აქციით სარგებლობა შემდეგ ობიექტებში შეგეძლებათ: NH Collection Dubai The Palm, Paramount Hotel Dubai, Rove Dubai MarinaKempinski Hotel Mall of the Emirates და სხვები. ადრეული ჯავშნით თქვენი მოგზაურობა ბევრად ხელმისაწვდომი გახდება და შესაძლებლობა გექნებათ გამოცადოთ ზაფხული დუბაიში.

ზევით