ემილი პარიზშის ახალ სეზონზე უკვე უამრავი რამ დაიწერა. განვიხილეთ ემილის ჩაცმულობა, სერიალის გმირების დრამებით სავსე ცხოვრება და კიდევ უამრავი დეტალი, რომელიც მაყურებლებისთვის ძალიან საინტერესოა. მაგრამ, დღეს ნეტფლიქსის სერიალს ახალი კუთხით დაგანახებთ.
რბილად რომ ვთქვათ, სერიალი პარიზის რეალურ სახეს არ გვაჩვენებს. კონტრასტი რეალურ პარიზსა და "ემილის პარიზს" შორის საგრძნობლად მკვეთრია. საფრანგეთის დედაქალაქი დიდი ხანია ბრენდადაა ქცეული. ის მთელ მსოფლიოში სიყვარულის და სინათლის ქალაქის სახელითაა ცნობილი. აქ აღიარებული რეჟისორები რომანტიკული და ბოჰემური ფილმების გადასაღებად ჩამოდიან. ნამუშევრების უმეტესობა პარიზის ყველაზე მდიდარ უბნებშია (Arrondissement) გადაღებული. ესენია მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 უბნები.
ემილიც მე-5 Arrondissement-ში ცხოვრობს და მუშაობს. ეს უბნები ისეთი ღირსშესანიშნაობებითაა ცნობილი, როგორიცაა პანთეონი, ლათინური კვარტალი, სორბონის უნივერსიტეტი, ინვალიდთა სახლი, მუზეუმები, ფრანგული არქიტექტურის ნიმუშები, ყვავილების მაღაზიებითა და ბულანჟერეებით სავსე, მოკირწყლული ქუჩები. სერიალში ფაქტობრივად უგულებელყოფილია სოციალური კლასები და ნაჩვენებია პარიზის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი.
პირველი სეზონის შემდეგ ლილი კოლინზს ამ ფაქტის შესახებ ფრანგმა ჟურნალისტმა კითხვაც დაუსვა. ემილის როლის შემსრულებელმა თქვა, რომ სერიალი პანდემიის პროდუქტია და ადამიანებისთვის სასიამოვნო თავშესაქცევი, რეალობისგან თავის დაღწევის საშუალება უნდა ყოფილიყო. ყველას ესმის, რომ ეს ფიქციაა და არა სინამდვილე. მართლაც, პანდემიის დროს ნეტფლიქსის სერიალები ჩვენი დაძაბული ყოველდღიურობის განუყოფელი და ნათელი ნაწილი იყო.
ის, რასაც "ემილი პარიზში" არ გვაჩვენებს, დედაქალაქის და ზოგადად, საფრანგეთის ნაკლებად გლამურული სახეა, რომლის ნაწილიც ე.წ La France moche გახლავთ. ეს ტერმინი ფრანგმა ჟურნალისტმა, ვინსენტ რემიმ ერთ-ერთ სტატიაში გააჟღერა. "შეაჩერეთ მახინჯი საფრანგეთი" - ამ სათაურით ჟურნალის გარეკანზე საფრანგეთში ერთ-ერთი საშოპინგო სივრცის ფოტოსურათია გამოტანილი. როგორც კი ჟურნალი გამოვიდა, სათაურს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ხალხის ნაწილმა სტატია "სოციალური ზიზღის" ფორმად მიიღო. სტატიის მთავარი იდეა იმას ეხება, რომ გარეუბნების სწრაფი მოდერნიზებისა და გაფართოების პროცესმა საფრანგეთის ქალაქების ირგვლივ უზარმაზარი კომერციული ზონები შექმნა. ეს ტერიტორიები ინდუსტრიული სტილის ერთფეროვანი შენობებით და დიდი პარკინგებით ხასიათდება. ავტორების თქმით, ქალაქების სწორედ ეს ნაწილი იქცა "მახინჯი საფრანგეთის" სიმბოლოდ. ანთროპოლოგმა, ერიკ შოვიერმა კრიტიკული ესეიც გამოქვეყნა, სადაც წერს, რომ სტატიის ავტორები ცენტრის გარეთ არსებულ ურბანულ ტერიტორიას საკუთარი, მაღალი კლასობრივი ჯგუფის სამყაროს ესთეტიკური საზომით აფასებენ. სტატია 2010 წელს გამოვიდა და დღემდე განხილვის საგნად რჩება.
საფრანგეთის კულტურის განუყრელი ნაწილია ქალაქგარეთ მოწყობილი საშოპინგო ცენტრები, სადაც ფრანგები საყიდლებზე, სასადილოდ თუ გასართობად დადიან. საფრანგეთში ასეთი ზონები არაეკოლოგიურადაა მიჩნეული და 21-ე საუკუნის სენის - კონსუმერიზმის სახეს წარმოადგენენ. საფრანგეთის მთავრობის დღის წესრიგში საშოპინგო ცენტრების ზომაში შემცირება, გამწვანება და მათ გარშემო საცხოვრებელი სახლების აშენებაა.
პარიზის გარეუბნები, სადაც მრავლადაა ჰიპერმარკეტები, ერთფეროვანი შენობები და სავაჭრო ცენტრები, ძალიან განსხვავდება პარიზის ცენტრისგან. ცენტრში ყველაფერი წყნარი ტემპით, იდეალურად მიმდინარეობს, ნაკლები სოციალური პრობლემებითა და სიღარიბით. ემილის პარიზი სწორედ ის ადგილია, რომელთა ფოტოებსაც საფოსტო ბარათებზე შეხვდებით. არადა, საფრანგეთის და პარიზის სავიზიტო ბარათი ლუვრის მუზეუმთან ერთად სწორედ გარეუბნები და იქ არსებული სავაჭრო ცენტრებია (ლაფაიეტის გალერეის ნაკლებად მდიდრული ვერსიები).
ამასთანავე, სერიალში პარიზი უნაკლო მუზეუმადაა გამოყვანილი. არსად ჩანს ნაგვის ურნები, სამშენებლო სამუშაოები, გაბმული სიგნალები, ხმაური. ასე რომ, ფრანგული კულტურისა და ენერგიის შეცნობა მხოლოდ ემილის პარიზული მოგზაურობიდან შეუძლებელია. სერიალი ნაკლებად გვიჩვენებს პარიზის ცოცხალ, გადატვირთულ და საცობებით სავსე სტრესულ ყოველდღიურობას. თუმცა ემილისგან ერთი რამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ - თუ საფრანგეთში ცხოვრებას და მუშაობს გადაწყვეტთ, ფრანგულის სწავლას ახლავე უნდა შეუდგეთ.
დღეს The Diary-ის რედაქცია ელენე მიქაბერიძეს გაგაცნობთ. ელენე დოკუმენტური კინოს რეჟისორია, რომლის ამბავიც 1993 წელს ბელგიაში ემიგრაციასა და საოკუპაციო ხაზით იძულებით გაყოფილი ოჯახის ისტორიას მოიცავს. ელენემ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით - "ლურჯი მოცვი", საქართველოსა და მსოფლიოში აღიარება უკვე მოიპოვა.
2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის მთავარი ტრენდი ხელოვნური ბეწვის მოსაცმელებია. დიზაინერები კოლექციებში მრავლად ვიხილავთ სხვადასხვა ფერისა თუ ზომის ბეწვის ქურთუკებს.
კეიტ უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს მეგობრობა საკულტო ფილმ "ტიტანიკიდან" იწყება და უკვე 25 წელზე მეტს ითვლის. ლოს-ანჯელესში კეიტის ახალი ფილმის, Lee-ის ჩვენებაზე მეგობრის მხარდასაჭერად დიკაპრიოც გამოჩნდა.