გიორგი კეკელიძემ, ინგა ბენდელიანი თოფურიასთან ერთად, შეძლო და საქართველოს ისტორიის ბოლო 30 წელი ერთი ოჯახის ისტორიით მოგვიყვა. „დედა და ილიას“ მკითხველი ხედავს გზას ილია თოფურიას გამარჯვებამდე, რომელიც მთელი ოჯახისა და ომგამოვლილი საქართველოს ჩემპიონობას უდრის.
ილია თოფურია პირველი ქართველია, რომელმაც UFC-ის ჩემპიონის ქამარი მოიპოვა და შემდეგ დაიცვა იგი. სანამ ილიას ოჯახში ჩემპიონობის სიტკბო ჩაიღვრებოდა, მანამდე იყო ომი, ემიგრაცია, გაჭირვება, შიში და გადარჩენისთვის ბრძოლა. გიორგი კეკელიძის წიგნი ინგას ცხოვრების გზაზე გვაყენებს და ჩვენ თვალწინ, სტრიქონები ხაზავენ მარშრუტს, რომელიც სისხლითა და ცრემლითაა დანამული. ეს არის წიგნი, რომლის პერსონაჟებიც რეალური ადამიანები არიან, რომელთა რეალური ისტორიებიც წარსულს ფაზლივით წიგნის ფურცლებზე აწყობს. "დედა და ილია" SMH Sports-ის პროექტი გახლავთ. წიგნის ავტორი, გიორგი კეკელიძე კი, ჩვენთან ინტერვიუში მოგიყვებათ, რაზეა ეს ზომით პატარა, მაგრამ უდიდესი შინაარსის მქონე წიგნი.
როგორ გაჩნდა წიგნის იდეა და როგორ მოხვედით დღემდე?
ამ იდეაზე საუბარი პირველად სრულიად შემთხვევით შედგა. ილიას და დედამისს, ინგას შევხვდი და საუბრის ბოლოს ინგამ მითხრა, რომ ძალიან საინტერესო ისტორია ჰქონდა, რომელიც გულისხმობდა აფხაზეთს, ომს, დევნილობას, ემიგრაციას და იმ გასაჭირს, რომელიც სრულიად დრამატულ ცხოვრებას ახლავს. ამის შემდეგ ჩვენ ჩავნიშნეთ ვიდეო შეხვედრები. ვიცოდი, რომ უნიკალური და მძიმე ისტორია იქნებოდა, მაგრამ მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რაც მოვისმინე. აფხაზეთის ომის შესახებ ამბები ნაღმებივით ფეთქდებოდა ჩემს თვალწინ, წარმოუდგენელი და მძიმე იყო ეს ისტორიები. ჭუბერის გზის ამბავმა მიბიძგა იმისკენ, რომ სხვა ადამიანებიც მომეძიებინა, რომლებმაც ეს ყველაფერი გაიარეს და წიგნში არის თხუთმეტამდე ქალის ისტორია, რომელმაც მოხუცებთან და ბავშვებთან ერთად გაიარა ეს გზა. ამ ისტორიებმა ჩემზე ისეთი გავლენა იქონია, რომ ვიცი, ამ თემებს ხშირად დავუბრუნდები. ასევე, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს, რომელთათვისაც ეს ამბავი ნაკლებად ემოციურია, აფხაზეთის შესახებ უფრო ხშირად მოვუყვეთ.
როგორი იყო ამბების შეგროვებისა და წიგნზე მუშაობის პროცესი?
პროცესი რამდენიმე ნაწილიანი იყო. ვიდეოზარების სერიის შემდეგ, ჩავედით ესპანეთში, შევხვდით ინგას და იქ მცხოვრებ ინგას ოჯახის ნაწილს, მათ შორის ილიას, ილიას ძმას. ინგასთან მქონდა ხანგრძლივი ინტერვიუ, რომელმაც საბოლოოდ შეკრა წიგნის აზრი. ცოცხალმა კონტაქტმა სხვა ემოცია გააჩინა და ეს წიგნი ასეც დაგვირგვინდა, ამის შემდეგ დავიწყე ინტენსიური წერა.
რას ამბობს ეს წიგნი საქართველოზე და რა არის მსოფლიოსთან მისი გზავნილი?
გათვალისწინებული მქონდა ის პოტენციური მომავალი, რომ წიგნი სხვა ენებზეც ითარგმნებოდა, ამიტომაც ვიცოდი, რომ ეს 30 წელი, რომელიც საქართველომ გამოიარა, სხვებისთვის უნდა გვეჩვენებინა. სიმბოლური აზრით, ინგას გზა არის საქართველოს გზა. ყველაფერი მოხდა მის ცხოვრებაში - ლაღი ბავშვობა, ომი, დევნილობა, უახლოესი ადამიანების სიკვდილი, ორგზის ემიგრაცია, გაჭირვება, რომელიც 1990-იანებისა და 2000-იანების საქართველოს ყოფას თან ახლავს. შემდეგ იყო ბრძოლა, არ დანებება და ეს ყველაფერი დაგვირგვინდა ილიას გამარჯვებით, რაც არის ძალიან კარგი მოტივაცია ნებისმიერი ადამიანისთვის. იმდენი ფსკერი, რაც ამ ოჯახმა მოსინჯა, შეიძლება სხვისთვის დასანებებელი მოცემულობა ყოფილიყო, აქ სხვაგვარად მოხდა და ამბავი დიდი და მნიშვნელოვანი, ბედნიერი დასასრულით დაგვირგვინდა.
როგორ ფიქრობთ, რა ძალას ან შინაარსს მატებს ინგას პერსპექტივა ამბავს, რომელიც მთელმა საქართველომ გადაიტანა?
ეს წიგნი ჩემი დაწერილია, მაგრამ ალეგორიულ, სიმბოლური აზრით ბევრი თანაავტორი ჰყავს, ბევრი მთხრობელია წიგნში. ინგას პერსპექტივა უნიკალურია, რადგან მას ეს ამბავი აქვს რეფლექსირებული და სწორად გააზრებული. ჩვენი დიალოგები ამ თვალსაზრისით ძალიან კომფორტული იყო, რადგან მან ზუსტად იცოდა, რისი თქმა უნდოდა, ეს არ იყო ცნობიერის ნაკადი, რომელიც მხოლოდ ქაოსურად ინფორმაციებს გაწვდის. მას ძალიან ზუსტად ჰქონდა დალაგებული ის სტრუქტურა, რომელიც ამ წიგნშია გადმოცემული. მე მხოლოდ მხატვრული სტილიზაციის მიმართულებით ვმუშაობდი.
საქართველოსთვის ილია ჩემპიონი, ილიას ოჯახი კი, ჩემპიონის ოჯახია. თქვენთვის როგორია ილია და მისი ოჯახი?
ჩემთვის ამ წიგნის მთავარი გმირი ინგაა და წამყვანი ფიგურაც ისაა. ილიას პერსონა ამ ოჯახის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის არის პირველი ჩემპიონი ამ ოჯახიდან. ვფიქრობ, სანდროც მალე გახდება ჩემპიონი. ილიამ სიმბოლურად კომპენსირება გაუკეთა ამ ოჯახის ტრავმას. როცა ილიას შევხვდი, მივხვდი, რომ მასაც ზუსტად აქვს გააზრებული ყველაფერი. მისი ოცნებები არ იყო მხოლოდ ოცნებები, იყო სურვილები და დიდი შრომით, დაკვირვებით ახორციელებდა მათ. მიუხედავად მისი ასაკისა, ილიას ბიოგრაფია არ არის მარტივი ბიოგრაფია. მარტო პროფესიულად აქვს ყველა სკოლა გავლილი. იმ წლებში, რომლებსაც თან ბევრი ფათერაკი ახლდა, მან იცოდა, რომ უნდა ჰქონოდა ოცნება, რომელსაც მიჰყვებოდა და გაიმარჯვებდა.
ამ წიგნის დაწერის შემდეგ, როგორია იმ ადამიანების ხატი, რომლებმაც ჭუბერის გზა გამოიარეს?
ეს ადამიანები, ყველანაირი ყალბი პათეტიკის გარეშე, გმირები არიან. იმიტომ რომ რეალურად გზა, რომელიც მათ გამოიარეს, გულისხმობდა წარმოუდგენელ დაუცველობას, მათ უნდა გადაერჩინათ მოხუცები, შვილები და მერე საკუთარი თავი. წარმოიდგინეთ მთა, ბუნდოვანი მარშრუტი, ზამთარი, რომელიც მოდიოდა, სიცივე და ომის კონტექსტი. თან არ იცი, ვინ გესვრის, დაგაყაჩაღეს, დაგბომბავს. ვერ ვხვდები, როგორ მოახერხეს ცხოვრებაში სრულფასოვნად დაბრუნება, თუკი მოახერხეს საერთოდ. მე მათი მადლიერი ვარ, რადგან იპოვეს ძალა, რომ საჯაროდ მოეყოლათ საკუთარი ამბები.
რა ელოდება მკითხველს წიგნის გადაშლის შემდეგ?
ერთი ქალის სრულიად დრამატული, რიგ შემთხვევაში ტრაგიკული, მაგრამ შემდეგ დიდი გამარჯვებით დასრულებული ისტორია, რომელიც პარალელურად ჩვენი ქვეყნის ისტორიასაც გულისხმობს. ეს არის ამბები ომზე, დევნილობაზე, ორგზის ემიგრაციაზე, საქართველოზე, გაძლებაზე, ამ გაძლებით საკუთარი თავის პოვნაზე და გამარჯვებაზე.
როგორია წიგნის მომავალი?
ესპანურად მალე გამოვა, შემდეგ ინგლისურადაც და ამერიკაში გამოიცემა. არის დაინტერესება, რომ წიგნი აფხაზურადაც ითარგმნოს.
დღეს The Diary-ის რედაქცია ელენე მიქაბერიძეს გაგაცნობთ. ელენე დოკუმენტური კინოს რეჟისორია, რომლის ამბავიც 1993 წელს ბელგიაში ემიგრაციასა და საოკუპაციო ხაზით იძულებით გაყოფილი ოჯახის ისტორიას მოიცავს. ელენემ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით - "ლურჯი მოცვი", საქართველოსა და მსოფლიოში აღიარება უკვე მოიპოვა.
2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის მთავარი ტრენდი ხელოვნური ბეწვის მოსაცმელებია. დიზაინერები კოლექციებში მრავლად ვიხილავთ სხვადასხვა ფერისა თუ ზომის ბეწვის ქურთუკებს.
კეიტ უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს მეგობრობა საკულტო ფილმ "ტიტანიკიდან" იწყება და უკვე 25 წელზე მეტს ითვლის. ლოს-ანჯელესში კეიტის ახალი ფილმის, Lee-ის ჩვენებაზე მეგობრის მხარდასაჭერად დიკაპრიოც გამოჩნდა.