TheDiary Originals-ის სტუმარი ამჯერად ყველასთვის ცნობილი ახალგაზრდა მსახიობი დათა ჩაჩუაა. 21 წლის მსახიობმა, პატარა ასაკის მიუხედავად, უკვე არაერთი წარმატებული პროექტით დაგვამახსოვრა თავი. ჯერ იყო "თესეა", შემდეგ "ჩემი ცოლის დაქალები", "ცვალებად ნიშნებში" ტატოს პერსონაჟით ყველას თავი შეგვაყვარა, სულ ახლახან კი გიორგი სიხარულიძის ფილმში "პანოპტიკონი" გამოჩნდა. დათამ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ ყველაფერს საკუთარი ნიჭითა და მონდომებით მიაღწია. სწორედ ამ თვისებების გამო, იგი მეტად ცნობილ და გამოცდილ მსახიობებს შორისაც არ რჩება ყურადღების მიღმა. მის სამსახიობო ოსტატობას არა მარტო ჩვენ, არამედ ისეთი კინოჟურნალებიც უსვამენ ხაზს, როგორიც ამერიკული Variety-ა. ამ ინტერვიუში იგი საკუთარ პროფესიაზე, სერიალზე, ფილმზე მუშაობის საინტერესო პროცესსა და სამომავლო გეგმებზე მოგვიყვება. წაკითხვის შემდეგ კი აუცილებლად მიხვდებით, რომ ადამიანის წარმატების უკან მისი საქმისადმი სიყვარული და ერთგულება დგას.
ერთი საყვარელი ფილმი არ შემიძლია გამოვყო, არც რეჟისორი. თუ ერთი უნდა ვთქვა, საძულველი რვიანი იყოს.
რეჟისორი, რომელთან მუშაობასაც ისურვებდი.
ტარანტინოსთან ვიმუშავებდი, დიდი სიამოვნებით.
შენი აზრით, რომელი ცნობილი პერსონაჟის როლს ითამაშებდი იდეალურად?
ჯეკ-ბეღურას როლს, ალბათ.
რას ფიქრობ შენს პერსონაჟ ტატოზე ცვალებადი ნიშნებიდან. რამდენად გგავს?
პოზიტიურები ვართ ორივე. მაგრამ, რამდენადაც ტატო არის გულჩვილი, ალალი, ალბათ, მე არ ვარ ეგეთი. ძალიან კეთილია, ზედმეტად კეთილია და მაგის გამო იჩაგრება. გულიანი ბიჭია, მეც გულიანი ვარ.
"ცვალებადი ნიშნების" შემდეგ უფრო პოპულარული გახდი. როგორ შეცვალა ამან შენი ცხოვრება?
უფრო საინტერესო გახდა ჩემი ცხოვრება "ცვალებადი ნიშნების" შემდეგ, ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე და ჩემი ასაკის მსახიობებიც მეტად გავიცანი. ისე, რომ რაღაც ახალი იყო პოპულარობის მხრივ და ამან შემცვალა, ასეთი არაფერი ყოფილა. ამ პროექტის მთავარი ხიბლი ჩემთვის ის არის, რომ ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი.
სულ თავიდან როდის და როგორ მოხვდი ტელეეკრანზე?
2019 წელს იყო სერიალი სახელად “თესეა” და ამ სერიალში გამოვჩნდი პირველად. რეალურად, მანდ თეატრის სცენიდან მოვხვდი. ჩემს მეგობარს ვეხმარებოდი, თეატრალურში საკურსო სპექტაკლს დგამდა, რომელშიც მე ვითამაშე. ნანკა ბალახაშვილი, ჩვენი ქასთინგ მენეჯერი, ხშირად დადიოდა თეატრალურში სპექტაკლებზე და იქ შემამჩნია. ზუსტად მაგ დროს იყო თესეას ქასთინგიც, რომელზეც მე არ ვიცოდი. იმ სპექტაკლის შემდეგ დამირეკეს, გავიარე ქასთინგები და ასე აღმოვჩნდი ეკრანზე.
რის შესახებაა "პანოპტიკონი"?
პანოპტიკონი არის ერთ 18 წლის ბიჭზე, რომელიც დაკარგულია, ასე ვიტყვი. არ იცის ცხოვრებაში რა უნდა. პატარა გადაწყვეტილებებსაც ვერ იღებს, მაგალითად, ფეხბურთზე სიარული უნდა თუ არა, ან რელიგიასთან რა დამოკიდებულება აქვს. არ იცის, თავად რა სურს და ამის გამო ყველაფერი ისეა, როგორც სხვას უნდა. ეს არის 18 წლის ბიჭის თავგადასავალი, პატარა ისტორია მისი ცვალებადობის შესახებ.
რა მსგავსებებია სანდროს პერსონაჟსა და დათას შორის?
ბევრი მსგავსება არ არის, ერთადერთი საერთო, რაც გვაქვს არის, რომ ორივეს არასახარბიელო ურთიერთობა გვაქვს ჩვენს მამებთან. ნუ, სანდრომ უფრო გვიან დაინახა ეს პრობლემები, რაც მამასთან ჰქონდა. ბოლოსკენ მიხვდა რაღაცებს, გვიან გაიაზრა, რომ არ უნდა იყოს ისე, როგორც არის. სხვა არაფერი არ გვაქვს საერთო, ძალიან განსხვავებული ტიპია.
ფილმის რეჟისორთან, გიორგი სიხარულიძესთან, მუშაობის პროცესი როგორი იყო?
ძალიან მაგარი. რა გამოცდილებაც მქონია რეჟისორებთან, ეს იყო საუკეთესო. ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაგ დროს. 28 დღე ვიღებდით ფილმს და მე სეტზე ვიყავი 28-ვე დღე. დღეში 12 საათი ვმუშაობდი და საერთოდ არ ვიღლებოდი, ნეტავ, კიდევ იყოს.
"ცვალებად ნიშნებში" შენი პერსონაჟი უფრო პოზიტიურია. როგორ ფიქრობ, ასეთი დადებითი როლები უფრო შენია თუ, მეტად დრამატული პერსონაჟებისკენ იხრები?
მგონია, რომ ორივე ჩემია, საერთოდ ყველაფერი ჩემია. ყველა როლი შემიძლია, რომ ჩემად ვაქციო, მაქსიმალური შემართებით და პასუხისმგებლობით. შემოქმედებითად რაც უფრო გამზრდის, იმ როლებისკენ ვიხრები, მაგრამ მიმდინარეობის კუთხით ყველა ჩემია, დრამატულიც, კომედიურიც, ეროტიკულიც.
აქამდე არაერთ სერიალში გითამაშია და პანოპტიკონი შენთვის პირველი ფილმი იყო. რომელი გირჩევნია, ფილმი თუ სერიალი?
ფილმი, ბევრი ფიქრის გარეშე. სერიალი ჩქარ-ჩქარა მიდის და ფილმი უფრო დინჯად.
ბევრი ახალგაზრდა ქართველი მსახიობისთვის სამომავლო გეგმა ქვეყნიდან წასვლაა, უფრო დიდ სცენაზე დგომა. შენ თუ ფიქრობ ამაზე, სად შეიძლება იყო 5 წლის შემდეგ?
ვფიქრობ ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც ყველაფერზე. პირველ რიგში მინდა, რომ საქართველოში გავაკეთო ყველაფერი, მივაღწიო მაქსიმუმს და მერე უკვე გავიდე ქვეყნის გარეთაც. ახლა მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დიდი ნაბიჯები გადავდგა. 5 წელიწადში სად ვიქნები მაგაზე არ ვფიქრობ, მაგრამ ვაპირებ, რომ უფრო და უფრო დიდი ნაბიჯები გადავდგა წინ და აქტიური ვიყო.
კინოფესტივალზე პირველად იყავი ცოტა ხნის წინ. როგორი იყო, მოგვიყევი.
წინა კვირას ჩამოვედი, ჩეხეთში ვიყავი, კარლოვი ვარის კინოფესტივალზე. წარდგენილები ვიყავით მთავარ კონკურსში და ფილმის პრემიერაც შედგა. მთავარი პრიზი არა მაგრამ, კინოკრიტიკოსების ერთ-ერთი ჯილდო მოვიგეთ. 20 ივლისს მივდივარ კიდევ სერბეთში, კინოფესტივალზე ვარ მიწვეული, სხვათა შორის, მარტო. ცოტა უცნაურია, მაგრამ მე მივფრინავ მარტო, დელეგაციის გარეშე.
როგორი გამოცდილება იყო მალხაზ აბულაძესთან და ია სუხიტაშვილთან ერთად თამაში?
ძალიან მაგარი იყო ორივესთან მუშაობა. ზოგადად, მალხაზ აბულაძის ეკრანიზაციებიც მიყვარს და მის ხმასაც ყველა ვიცნობთ. ძალიან დიდი გამოცდილების პატრონები არიან ორივე და ასეთ ადამიანებთან რომ მუშაობ და გამოცდილებას იღებ, ძალიან მაგარია. იასთანაც და მახოსთანაც ძალიან მსუყე სამუშაო, სარეპეტიციო სცენები მქონდა და ეგ პროცესიც დიდი სიამოვნება და ბედნიერება იყო.
რამდენად საინტერესოა სხვა თაობის წარმომადგენლებთან მუშაობა?
როცა ასეთი სცენები გაქვს შესაქმნელი და სათამაშო ასეთ გამოცდილ ადამიანებთან, ძალიან საინტერესოა. დიდი ასაკობრივი სხვაობაა მალხაზ აბულაძესა და ჩემ შორის. ძირითადად მე ვსწავლობდი მისგან ძალიან კარგ რაღაცებს, მაგრამ ისიც სწავლობდა, ეგ გარდაუვალია, როდესაც პარტნიორები ხართ არაერთ სცენაში, ერთმანეთისგანაც სწავლობთ. აქ დიდი სწავლება მიდიოდა.
კინოფესტივალზე შენს ფილმს უამრავი ადამიანი უყურებდა. რა ემოციები დაგეუფლა იმ დროს?
ვერ ავხსნი. თუ,ფესტივალს რანგით არ ავწევთ და მაგალითად კანი ან ოსკარი არ იქნება, მაგაზე დიდი რაღაცა ვერ მოხდება მსახიობისთვის. 1200 კაცი იყო დარბაზში ფილმის პრემიერაზე , ფოტოც მაქვს ძალიან მაგარი. თავიდან რომ გამოგვაცხადეს, შეგვხვდა ხალხი ტაშით, მაგრამ აი, ფილმი რომ მორჩა და მაყურებლის ტაში მოჰყვა, ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, გავძეგლდი რამდენიმე წუთით. ჩეხი ხალხი მოდიოდა, გვილოცავდა და უცებ ქართული ხმა გავიგეთ. ქართველი გოგო და ბიჭი დავინახეთ, განსაკუთრებით გამიხარდა იქ მათი დანახვა. ჩემთვის, ჩემს პროფესიაში ამაზე მაგარი არაფერი არ არის. მე ვერასდროს ვერ გავიგებ, რა ზეგავლენა მოახდინა ჩემმა ფილმმა სადღაც ერთ ადამიანზე, მაგრამ იქ ფესტივალზე მაგის დანახვა შეგიძლია, როცა შენ წინაშე უყურებენ ფილმს და ტაშსაც გიკრავენ. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს გოლი გავიტანე.
"პანოპტიკონის" ფესტივალზე წარდგენა ეროვნული ნაკრების წარმატებას დაემთხვა, როცა ქართველების ყოველი გამარჯვება განსაკუთრებულად გვიხაროდა. როგორ შეაფასებდი ამ მოვლენას?
ბოლო ხანებია ეგ არის ჩვენი ყველაზე დიდი სიხარული, ამაზე დიდი არაფერი არ მახსოვს. ამ დროთა განმავლობაში იყო რაღაცები, მაგალითად, ხვიჩა გადავიდა ნაპოლიში და იქ ძალიან მაგრად თამაშობდა. იტალიელ ხალხს დაანახა, რომ საქართველოდან იყო. ხვიჩას გარდა, იყვნენ სხვებიც, მიქაუტაძე აიაქსში და ასე შემდეგ. ეს ბიჭები ბოლოს რომ მივიდნენ და ერთად ლამაზად ქართული ფეხბურთი ითამაშეს, რომელიც, სხვათა შორის, იდეალური იყო, ყველას გვეამაყება. ბრაზილიურ ფეხბურთსაც მირჩევნია, იმდენად ლამაზად ითამაშეს. ამ ბიჭებმა იქ დაამტკიცეს, რომ პატარა ქვეყანაა საქართველო, მაგრამ ბევრი შეგვიძლია. ესპანეთს პირველი გოლი ჩვენ გავუტანეთ, პორტუგალიას მოვუგეთ და კრისტიანო ავატირეთ, თან პირველად გავედით ევროპაზე და მეორედ რომ გავალთ, წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?
და წარმოგიდგენია, პირველად, რომ ოსკარს მოვიგებთ, რა მოხდება? იქნებ შენ იყო ის, ვინც ამას გააკეთებს?
დღეს The Diary-ის რედაქცია ელენე მიქაბერიძეს გაგაცნობთ. ელენე დოკუმენტური კინოს რეჟისორია, რომლის ამბავიც 1993 წელს ბელგიაში ემიგრაციასა და საოკუპაციო ხაზით იძულებით გაყოფილი ოჯახის ისტორიას მოიცავს. ელენემ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით - "ლურჯი მოცვი", საქართველოსა და მსოფლიოში აღიარება უკვე მოიპოვა.
2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის მთავარი ტრენდი ხელოვნური ბეწვის მოსაცმელებია. დიზაინერები კოლექციებში მრავლად ვიხილავთ სხვადასხვა ფერისა თუ ზომის ბეწვის ქურთუკებს.
კეიტ უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს მეგობრობა საკულტო ფილმ "ტიტანიკიდან" იწყება და უკვე 25 წელზე მეტს ითვლის. ლოს-ანჯელესში კეიტის ახალი ფილმის, Lee-ის ჩვენებაზე მეგობრის მხარდასაჭერად დიკაპრიოც გამოჩნდა.