თითქმის 80 წელი გავიდა, რაც ჯორჯ ორუელის სატირული ალეგორია „ცხოველების ფერმა“ გამოიცა. წიგნი საბჭოთა ტოტალიტარიზმზე, ძირითადად სტალინის ეპოქაზე მოგვითხრობს. ტოტალიტარიზმი არის მმართველობის ფორმა, სადაც სახელმწიფოს აბსოლუტური კონტროლი აქვს ცხოვრების ყველა ასპექტზე, იქნება ეს საჯარო თუ კერძო. მართალია საბჭოთა კავშირი დიდი ხნის წინ განადგურდა, თუმცა „ცხოველების ფერმა“ ისევ რჩება სამაგიდო წიგნად, რადგან პრობლემები, რომელზეც წიგნშია საუბარი, ისევ არსებობს. ალეგორიების გარეშე წიგნი უბრალო ზღაპრად მოგეჩვენებათ, როგორც მაგალითად გაადამიანურებული სამი გოჭის ამბავი, თუმცა მას ზღაპართან არანაირი კავშირი არ აქვს და მეტიც, ერთ-ერთი ყველაზე რთული და მძიმე წიგნია. სხვა ქვეყანასთან პარალელების გავლება ალბათ გაგვიჭირდება, ამიტომ საბჭოთა კავშირისა და შემდგომი პერიოდის საქართველოს ნებისმიერი დროის მმართველობასთან შედარებაც მიგვახვედრებს წიგნის გენიალურობაზე.
მოვლენები ერთ ფერმაში ვითარდება, რომელსაც თავიდან ადამიანი მართავს, თუმცა მას ცხოველები აუჯანყდებიან და გააძევებენ. მმართველობას ხელში ჩაიგდებენ ცხოველები. თავიდან უშუალო მმართველი ხდება სნოუბოლი, მისი პერსონაჟი ლევ ტროცკის პროტოტიპია, აგრეთვე ნაწილობრივ ლენინსაც წააგავს. სნოუბოლის მმართველობის პერიოდში აღზევდება ახალგაზრდა, სასტიკი გარეგნობის მქონე ღორი ნაპოლეონი, რომელიც არც მეტი არც ნაკლები საბჭოთა დიქტატორს, იოსებ სტალინს განასახიერებს. მათი დროშა მწვანე ფონზე გადაჯვარედინებული ჩლიქი და რქაა, რაც ალეგორიულად უკავშირდება საბჭოთა სიმბოლოებს – ნამგალს და უროს. ნაპოლეონს ჰყავს ბევრი თანამოაზრე და წაკითხვისას მარტივად ამოიცნობთ მათში რეალურ პიროვნებებს. წიგნში ყველაზე საინტერესო ნაწილი მაშინ იწყება, როდესაც შემოდის ცხოველთა მიერ დაწესებული კანონები, რომელიც ერთი შეხედვით ყველასთვის მისაღებია და კარგი მომავლის იმედს იძლევა, მაგრამ თავადვე ნახავთ, როგორ ფორმირდება ეს კანონები დროთა განმავლობაში და როგორ დააზარალებს ფერმის მოსახლეობას, ისე როგორც ყოველთვის ხდება რეალობაშიც, ისე როგორც მიიღეს ძალიან ბევრი, თითქოს უსაფრთხო, საჭირო კანონი, მაგრამ შემდეგ ისე „დაიხვეწა“, რომ ადამიანთა გარკვეული ნაწილისთვის საზიანო გახდა. ფერმის კანონების მიხედვით ყველა ცხოველი თანასწორი იყო, ასევე მათ ეკრძალებოდათ ადამიანური ქმედებები. მოკლედ, სხვა ძალიან ბევრი მსგავსი შინაარსის ფრაზა იყო ჩამოწერილი დაფაზე, რომელიც ერთი შეხედვით უზრუნველ მომავალს ჰპირდებოდა მცხოვრებლებს, თუმცა თანდათან კანონები იცვლებოდნენ ან ქრებოდნენ. თანასწორობის კანონმა ბოლოს ასეთი სახე მიიღო:
„ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები“.
მაშინ როცა ნაპოლეონის აბსურდულმა იდეებმა პირველი მარცხი განიცადა, მან ცნობილ ხერხს მიმართა: მტრებისა და მავნებლების ძიება დაიწყო. ეს პროცესი იმით დასრულდა, რომ რამდენიმე ცხოველმა „დანაშაული“ აღიარა. ბელადის ერთგულმა ძაღლებმა, ისინი ადგილზე გაგლიჯეს, რითაც ცხოველებში შიშმა დაისადგურა. „შიში შეიქმს სიყვარულსა“ დიახ დაშინებული, დასტრესილი და ფსიქოლოგიურად განადგურებული მოსახლეობის მართვა ყოველთვის ბევრად მარტივია, შიში აქრობს თავისუფლებას, ადამიანს აკარგვინებს ბრძოლის უნარს და ერთადერთი რაც რჩება არის მორჩილება.
„თორმეტივე ერთად ერთ ხმაზე ღრიალებდა. ახლა კი მიხვდნენ ცხოველები, რა ემართებოდათ ღორებს, რატომ ეცვლებოდათ სახეები. ფანჯარასთან გაყუჩებულები ხან ღორებს აკვირდებოდნენ, ხან - ადამიანებს და ვეღარ არკვევდნენ, ვინ ვინ იყო, რომელი იყო ღორი და რომელი - ადამიანი.“
ეს არის ყველაზე ტრაგიკული და დამაფიქრებელი დასასრული, რომელიც უამრავ კითხვას აჩენს და ბევრ მტკივნეულ პასუხსაც აჟღერებს. მართლაც რთულია გაიგო ვინ არის ქვეყნის სათავეში ადამიანი თუ ღორი.
„ცხოველების ფერმა“ არის წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო თუ კი გინდა თვალებში ჩახედო მმართველობის ყველაზე საშიშ ფორმას და ამოიცნო იგი შენივე ქვეყანაში. ნაწარმოების ყველა წინადადება ალეგორიულად ეხმიანება ჩვენს რეალობას, აწმყოსა თუ წარსულს, ამიტომ უკეთესი მომავლისთვის იცნობდეთ და გიყვარდეთ ჯორჯ ორუელი.
ცხოველები გვესაუბრებიან ფლოიდური ჰანგებით
ეს გენიალური ნაწარმოები ინსპირაციის წყაროდ იქცა ისეთი შესანიშნავი ჯგუფისთვის, როგორიც არის „ფინქ ფლოიდი“. მათ ჩაწერეს ალბომი სახელწოდებით „Animals“. მის ტექსტებში საუბარია საზოგადოების სხვადასხვა ფენის ცხოვრებაზე, რაც გადმოცემულია მეტაფორული პერსონაჟების, ძაღლების, ღორებისა და ცხვრების სახით, რომლებიც „ცხოველების ფერმის“ პერსონაჟებად გვევლინებიან. მუსიკასთან და ტექსტთან ერთად სიმღერებში ჰარმონიულად შემოდის სხვადასხვა ცხოველის ხმა.
ალბომის ქავერზე გამოსახული ძველი ქარხანა ფონად გასდევდა ჯგუფის ლაივებს, ხოლო გასაბერი ღორი, სცენის თავზე ან მაყურებლებში ლივლივებდა. საკმაოდ საინტერესო და პროვოკაციული იყო ბოლო წლებში როჯერ უოტერსის მიერ ლაივზე შესრულებული „PIGS”. რომლის დროსაც ეკრანზე კადრებად გადიოდა დონალდ ტრამპის გაშარჟებული ფოტოები.
დღეს The Diary-ის რედაქცია ელენე მიქაბერიძეს გაგაცნობთ. ელენე დოკუმენტური კინოს რეჟისორია, რომლის ამბავიც 1993 წელს ბელგიაში ემიგრაციასა და საოკუპაციო ხაზით იძულებით გაყოფილი ოჯახის ისტორიას მოიცავს. ელენემ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით - "ლურჯი მოცვი", საქართველოსა და მსოფლიოში აღიარება უკვე მოიპოვა.
2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის მთავარი ტრენდი ხელოვნური ბეწვის მოსაცმელებია. დიზაინერები კოლექციებში მრავლად ვიხილავთ სხვადასხვა ფერისა თუ ზომის ბეწვის ქურთუკებს.
კეიტ უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს მეგობრობა საკულტო ფილმ "ტიტანიკიდან" იწყება და უკვე 25 წელზე მეტს ითვლის. ლოს-ანჯელესში კეიტის ახალი ფილმის, Lee-ის ჩვენებაზე მეგობრის მხარდასაჭერად დიკაპრიოც გამოჩნდა.