ლუკა მიქაძე X საქართველოს ეროვნული ნაკრები
ლუკა მიქაძემ ეროვნულ ნაკრებთან კოლაბორაციით უნიკალური პიჯაკების კოლექცია შექმნა, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
"წიგნით ევროპისკენ"
30 მაისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი იწყება, რომელიც 2 ივნისის ჩათვლით, ტრადიციულად, წიგნის ბაზრობას, საინტერესო დისკუსიებს, პრეზენტაციებსა და კიდევ სხვა უამრავ ღონისძიებას"ექსპო ჯორჯიას" პავილიონებში უმასპინძლებს.
ფესტივალი 1998 წლიდან არსებობს და კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი დიდი წიგნის ფესტივალია, სადაც მთელი საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ლიტერატურის მოყვარულები ხვდებიან ერთმანეთს. ფესტივალის სტუმრების რაოდენობამ ბოლო წლებში 100 000 ადამიანს მიაღწია. ეს ფესტივალი ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან მიზნებს ისახავს. მთავარი კი საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა. ამასთანავე, ამ დღეების ორგანიზატორები ცდილობენ თავიანთი საქმით წიგნის ბაზრის რეგიონალიზაციასა და ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის განვითარებას შეუწყონ ხელი.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია გახლავთ. მხარდამჭერების სიას თიბისი ბანკი, თბილისის მერია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და velistore არიან. ფესტივალის პროგრამა როგორც ყოველთვის მრავალფეროვანია. "ექსპო ჯორჯიაში" თქვენ შეხვდები ყველა ტიპის ლიტერატურას, მათ შორის საბავშვო, პროფესიულ, ქართულ თუ უცხოური წიგნებს. გაიმართება გამომცემელთა საერთაშორისო კონფერენცია, ხოლო სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მწერლებთან თუ მსახიობებთან ლიტერატურულ თემებზე დისკუსიებსა და დიალოგებში ჩართვა.
თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მე-11 და მე-6 პავილიონებში მიიღებს სტუმრებს. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი, ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 პავილიონში საბავშვო ლიტერატურა და მათი ინსპირაციით შექმნილი აქსესუარები იქნება თავმოყრილი.
მოეწყობა, როგორც ლიტერატურული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი მთავარი სცენა, ასევე, ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის საბავშვო, შემეცნებით-გასართობი კუთხე. ფესტივალის სტუმრები პროექტის "მსახიობები ლიტერატურისთვის" მონაწილეებიც გახდებია. ამ პროექტის ფარგლებში ქართველი მსახიობები 30 და 31 მაისს მათ მიერ შერჩეულ წიგნებს წარადგენენ.
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად განათლების ცენტრი Leaf "ისწავლე ამერიკაში" კუთხით იქნება წარმოდგენილი. ცენტრის თანამშრომლები ამერიკაში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებულ პირებს აპლიკაციების შევსებასა თუ CV-ის შედგენაზე ჩაუტარებენ მასტერკლასებს. ამავე საკითხების ირგვლივ, ვორქშოპები და დისკუსიები გაიმართება.
ისინი, ვინც ფიზიკურად საქართველოში არ იმყოფებით, მოვლენებს თვალი, დისტანციურად შეგიძლიათ ადევნოთ. ფესტივალი ფეისბუქ გვერდზე უწყვეტად, პირდაპირ რეჟიმში გაშუქდება.