ლუკა მიქაძე X საქართველოს ეროვნული ნაკრები
ლუკა მიქაძემ ეროვნულ ნაკრებთან კოლაბორაციით უნიკალური პიჯაკების კოლექცია შექმნა, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
Shiz-ის უნივერსიტეტის სტუდენტების საცხოვრებელში, ერთი ოთახი გლინდას ვარდისფერ სამყაროდ აქვს გადაქცეული. ერთ დღესაც, უნივერსიტეტის კედლებში შემოაბიჯებს უნიკალური ელფაბა და გლინდასთან ერთად ცხოვრებას იწყებს. ეს არის მეგობრობის დასაწყისი, რომელიც სათავგადასავლო მიუზიკლის "Wicked" ცენტრალური თემაა და გულგრილს ვერავის ტოვებს.
ფილმის ტრეილერიც ემოიციების ქარცეცხლისთვის გვამაზადებს. მიუზიკლი, რომელიც რეჟისორ ჯონ ემ ჩუს შემოქმედებაა, დიდ ეკრანებზე 22 ნოემბერს გამოჩნდება. დიდი პრემიერა სიდნეისა და ლოს-ანჯელესში უკვე შედგა.
როგორც ყოველთვის, პრემიერებზე ვარსკვლავთცვენა ვიხილეთ. მათ შორის იყვნენ მთავარი როლის შემსრულებლები არიანა გრანდე, ჯონათან ბეილი და სინთია ერივო. ლოს-ანჯელესის Wicked-ის ხალიჩაზე არიანას ტომ ბრაუნის ვარდისფერი კაბა ემოსა, სინთია კი, ლუი ვიტონის მწვანე სამოსში ვიხილეთ.
ფილმი გრეგორი მაგუაიერის რომანითაა შთაგონებული და ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანის, გლინდასა და ელფაბას შესახებ მოგვითხრობს. ფილმის პირველ ნაწილს 22 ნოემბერს ვიხილავთ, მეორე ნაწილი კი 2025 წლის ნოემბერში გამოვა. ორნაწილიანი ეკრანიზაცია საოცარი მუსიკალური შესრულებითა და ეპიკური სიუჟეტით გამოირჩევა, რომელიც ოზის მიწაზე გვამოგზაურებს და ჩვენი ცხოვრების საუკეთესო ურთიერთობაზე - მეგობრობაზე მოგვითხრობს.
მიუზიკლმა ბროდვეიდან კინოთეატრის ეკრანზე გადმოინაცვლა, სინთია და არიანა კი, ფილმშიც ლაივ შესრულებას გვთავაზობენ. ლოს-ანჯელესის პრემიერაზე ბროდვეის ლეგენდები, კრისტინ ჩენოვეთი და იდინა მენზელიც გამოჩნდნენ. სწორედ ისინი ასრულებენ გლინდასა და ალფაბას როლებს სასცენო ვერსიაში.