სამოდელო კონკურსი ELITE MODEL LOOK GEORGIA დაიწყო
Elite Model Look მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული სამოდელო კონკურსია, რომელმაც ისეთი ვარსკვლავები აღმოაჩინა, როგორებიც არიან სიდნი კროუფორდი, ჟიზელ ბუნდჰენი თუ ვიტორია ჩერეტი.
ჩვენს დედაქალაქში რიგით 32-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, "შემოდგომის თბილისი" მიმდინარეობს. ფესტივალის ფარგლებში, 12 ოქტომბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საგუნდო მუსიკის კონცერტია ჩანიშნული.
კონცერტს ყველა სულმოუთქმელად ელის, რადგან სცენაზე მსოფლიო მუსიკალური კულტურის უკვდავი ქმნილება - "კარმინა ბურანა" გაცოცხლდება. კარლ ორფის სასცენო კანტატა პირველად 1937 წელს, ფრანკფურტის ოპერაში დაიდგა. ლეგენდარული კანტატა შუა საუკუნეების პოემაზეა დაფუძნებული და სიმდიდრეზე, იღბალზე, ცხოვრების ეფემერულ ბუნებასა და ვნებაზე მოგვითხრობს.
წელს, ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის 35 წლისთვის მიძღვნილ ფესტივალზე ლეგენდას ქართველი მუსიკოსები, უნგრელ დირიჟორთან, გაბორ ჰოლერუნგისთან ერთად შეასრულებენ.
გაბორ ჰოლერუნგი ფერენც ლისტის პრემიის ლაურეატი, ბუდაპეშტის საგუნდო კონკურსის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ბუდაპეშტის აკადემიური საგუნდო საზოგადოების მთავარი დირიჟორი და კიდევ მრავალი დამსახურების მქონე მუსიკოსი გახლავთ. თბილისის სცენაზე გაბორ ჰოლერუნგი თბილისის სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს. კონცერტის სოლისტები სოპრანო სოფიო გორდელაძე, ბარიტონი ირაკლი მუჯირი და კონტრ-ტენორი მიხეილ აბრამიშვილი იქნებიან.
რიგით 32-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში ქართველი შემსრულებლების გარდა, მონაწილეობას მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მიიღებენ, რომლებიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეხვდებიან ქართველ მსმენელს.