#ცნობილები #მუსიკა

საბრინა კარპენტერი VMAs-ზე მადონას საკულტო კაბით გამოჩნდა

გაზიარება:

"Sooner or later you are going to be mine" - ასე იწყება მადონას საკულტო სიმღერა, რომელიც პოპ ვარსკვლავმა 1991 წლის ოსკარების ცერემონიაზე შეასრულა. ალბათ, სწორედ ეს ფრაზა გაიფიქრა საბრინა კარპენტერმაც მადონას ლუქის დანახვისას და 2024 წლის MTV VMAs-ზე ბობ მაკის მიერ სპეციალურად მადონასთვის შეკერილი კაბით გამოჩნდა.

საბრინა კარპენტერი, Sabrina Carpenter, MTV VMAs, Madonna, მადონა
ფოტო: Dimitrios Kambouiris/ Getty Images

თეთრი, სხეულზე მომდგარი კაბა მთლიანად მბრწყინავი სეკინებითაა დაფარული და დეკოლტეს ვერცხლისფერი კრისტალები უმშვენებს.

საბრინამ მაკიაჟის ინსპირაციაც მადონას ლუქიდან აიღო და ძველი ჰოლივუდის ესთეტიკით შთაგონებული მეტალის ტონების თვალის ჩრდილები და წითელი ტუჩსაცხი მოიხდინა. მაკიაჟის ავტორი Carolina Gonzalez-ი გახლავთ. ყელსა თუ ხელებზე, მომღერალს ყველაფერი ბრილიანტის ეკეთა. მომღერლის სამკაულებზე De Beers-მა იზრუნა. საბრინას თეთრ მანიკიურიც კი, პატარა ძვირფასი ქვებით ჰქონდა მორთული.

მადონა, Madonna, Oscars 1991, ოსკარები 1991
ფოტო: Ron Galella, Ron Galella Collection

კაბის დიზაინის შთაგონება ბობ მაკიმ მერილინ მონროს კლასიკური სტილისგან აიღო და იდეალური შედეგიც მიიღო. კაბა ერთი შეხედვითაც კი, ფილმიდან Gentlemen Prefer Blondes გადმოსულს ჰგავს. საბრინას უკვე საკულტოდ ქცეული ქერა თმისთვისაც, სტილისტმა Evanie Frausto-მ მერილინ მონროსეული ვარცხნილობა შეარჩია.

საბრინა კარპენტერი, Sabrina Carpenter, MTV VMAs 2024, Madonna's dress
ფოტო: Kevin Mazur/ Getty Images

მადონას ამ კაბაში გამოჩენა პოპ კულტურის ისტორიას განსაკუთრებულად ახსოვს. დაჯილდოებას მადონა მაიკლ ჯექსონთან ერთად დაესწრო. იმ პერიოდში, პოპის მეფე და დედოფალი, საერთო მენეჯერთან თანამშრომლობდნენ და მათი ხალიჩაზე ერთად გამოჩენა, პოპ სამყაროში 1990-იანების გამორჩეული მოვლენის სახელით კიდევ დიდ ხანს დარჩება.

მაიკლ ჯექსონი, მადონა, Madonna, Michael Jackson, Oscars 1991, ოსკარები 1991
მადონა და მაიკლ ჯექსონი 1991 წლის ოსკარების დაჯილდოებაზე. ფოტო: Getty, The Grosby Group

როდესაც ახალი თაობის ვარსკვლავი მსოფლიო ლეგენდების სამოსს წითელ ხალიჩაზე მოირგებს-ხოლმე, კრიტიკის ქარცეცხლში ხშირად ეხვევა. თუმცა, საბრინას შემთხვევაში, მისი ლუქის დაწუნება ნამდვილად გაგვიჭირდება.

გარდა იმისა, რომ საბრინა თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა, მან წლევანდელი ჰიტების გასაოცარი შესრულებაც შემოგვთავაზა. ის VMAs-ის 29 დებიუტანტ ნომინანტებს შორის იყო. სიმღერები Espresso და Please Please Please რამდენიმე კატეგორიაში იყვნენ ნომინირებულები. საბოლოოდ, საბრინამ დაჯილდოება წლის სიმღერის პრიზით დატოვა. მუსიკალური ჯილდო მან სინგლისთვის Espresso მიიღო.

Sabrina Carpenter, MTV VMAs 2024, საბრინა კარპენტერი
ფოტო: Mike Coppola/ Getty Images

საბრინასთვის 2024 წარმატებული წელი გამოდგა. მომღერალმა რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი გამოუშვა, კოაჩელასა და Saturday Night Live-ზე იმღერა, თვის ბოლოს კი, ახალი ალბომით ტურნეში გაემგზავრება.

ზევით