ლუკა მიქაძე X საქართველოს ეროვნული ნაკრები
ლუკა მიქაძემ ეროვნულ ნაკრებთან კოლაბორაციით უნიკალური პიჯაკების კოლექცია შექმნა, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
გასული კვირის განმავლობაში სოციალური მედიის ყველა პლატფორმა რეპერის, Sean "Diddy" Combs-ის ვიდეოებით აჭრელდა. თავად რეპერი კი ბრუკლინის ციხეში, გისოსებს მიღმა იმყოფება. მუსიკოსის წინააღმდეგ, რომელსაც უმეტესობა puff daddy-ის სახელით ვიცნობთ, საქმე 3 ფედერალური დანაშაულის გამოა აღძრული: სექს-ტრეფიკინგი, რეკეტი (RICO charges) და პროსტიტუციაში ადამიანების იძულებით ჩართვა.
რეპერმა საკუთარი მუსიკალური "იმპერია" დანაშაულების ბუდედ აქცია, უდანაშაულო ადამიანებს ჯოჯოხეთის გამოვლა აიძულა და თანამზრახველად ჰოლივუდის არაერთი ცნობილი ადამიანი გაიხადა. იძულებითი მუშაობა, გატაცება, ადამიანების, განსაკუთრებით ქალების, ექსპლუატაცია და მათზე განსხვავებული ხერხით ძალადობა - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაშიც რეპერს ბრალს სდებენ. მათ შორის, შონ კომბსი ქალებს სექს-მუშაკებთან სექსუალური კონტაქტის დამყარებას წლების განმავლობაში აიძულებდა. ყოველივე ეს კი, რეპერის წვეულებებს უკავშირებდა, რომელთაც თავად "Freek Off"-ის სახელით მოიხსენიებს. ასეთი “Freak Off”-ები ხშირად დღეების განმავლობაში გრძელდებოდა. რეპერი მსხვერპლ ადამიანებზე სხვადასხვა სახით ამყარებდა კონტროლს, იქნებოდა ეს ნარკოტიკების მეშვეობით, პირადი საკუთრების წართმევის მუქარით, თუ კარიერული წინსვლის დაპირებებით, უფრო მეტიც, ის აკონტროლებდა მსხვერპლის ქცევასა თუ ჩაცმულობას.
ბუნებრივია, ამ ყველაფერს მარტო ერთი ადამიანი ვერ გააკეთებდა, წვეულებების მოწყობასა და შემდეგ დანაშაულის კვალის გაქრობაში რეპერის მთელი გუნდი იყო ჩართული. ამას ემატება, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, სხვადასხვა ქალის მიერ ძალადობასა და გაუპატიურებაში წარდგენილი ბრალდება.
ყველაფერი სწორედ ერთ-ერთი მსხვერპლით დაიწყო. რეპერის ყოფილმა შეყვარებულმა - კესი ვენტურამ Diddy ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ და ემოციურ ძალადობაში ამხილა. მას შემდეგ, რაც ვენტურამ სასამართლოს მიმართა, რეპერის წინააღმდეგ სამხილების შეგროვებაც დაიწყო, მოგვიანებით კი ერთ-ერთი სამხილის გასაჯაროებაც მოხდა. CNN-მა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ მისდევს სასტუმროს დერეფანში რეპერი ვენტურას და სასტიკად სცემს ლიფტის წინ.
Hollywood-ში ვარაუდობენ, რომ Diddy-ის მიმართ ფედერალური ბიუროს ინტერესი სწორედ ვენტურას მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე გაჩნდა და რეპერის ცხოვრების მოკვლევაც აქტიურად დაიწყო. 2024 წლის მარტში რეპერის სახლის ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც ამოიღეს ვიდეო მასალა, იარაღი, უამრავი Baby oil (რომელსაც ნარკოტიკული თრობისთვის იყენებდნენ და რეპერი მსხვერპლს ასე აკონტროლებდა), ლუბრიკანტისა და სექს სათამაშოების აურაცხელი რაოდენობა.
სოციალურ მედიაში ეჭვი იმაზეც აქვთ, რომ რეპერის 4 შვილის დედის, Kim Porter-ის გარდაცვალებაში შესაძლოა, სწორედ Diddy-ის ხელი ერიოს, რადგან კიმ პორტერი წიგნის გამოქვეყნებას აპირებდა, სადაც რეპერის ცხოვრებისა და დანაშაულის შემზარავი ფაქტებიც იყო აღწერილი. კიმისა და რეპერის შვილებმა ინსტაგრამზე საერთო განცხადება გააკეთეს, სადაც უარყოფენ მსგავსი წიგნის არსებობას.
საუბრობენ იმაზეც, რომ ცნობილი რეპერი მცირეწლოვნების შევიწროებასაც ახდენდა. ერთ-ერთი ვერსიით კი ყურადღების ეპიცენტრში კანადელი ვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი ექცევა. რეპერს თავისი მუსიკალური ლეიბლი, Bad Boy Records აქვს, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში წარმატების საწყისი ეტაპი ბევრი მუსიკისთვის გამხდარა. მათ შორის Usher-იც გახლავთ, რომელიც 13 წლის ასაკიდან გარკვეული პერიოდი Diddy-თან სახლშიც კი ცხოვრობდა. თავად Usher ჯასტინ ბიბერის მენტორი იყო, მაშინ როცა ჯასტინს ჯერ არავინ იცნობდა. სწორედ Usher-ის გავლით შედგა კონტაქტი Diddy-სა და 15 წლის ჯასტინს შორის.
Diddy-ის და არასრულწლოვანი ჯასტინის ვიდეო მთელ ინტერნეტ სივრცეს ვირუსულად მოედო. ვიდეოში კომბსი ამბობს, რომ ჯასტინი მასთან მომდევნო 48 საათს გაატარებს - “რას გავაკეთებთ და როგორ დროს გავატარებთ, ამის ჩვენებას ვერ შევძლებთ, მაგრამ ეს იქნება ყველა 15 წლის ადამიანის ოცნება.” - ამბობს ვიდეოში რეპერი და შემდეგ ჯასტინს ეკითხება, თუ რისი გაკეთება სურს მომდევნო 48 საათის განმავლობაში, რაზეც ჯასტინი ამბობს - “let’s just get some girls."
შესაძლოა, ეს ფრაზა იმ დროს სერიოზულად არავის მიეღო, თუმცა, წლების შემდეგ, ჯასტინ ბიბერი Apple Music-თან ინტერვიუში მუსიკის ინდუსტრიის ბნელ და მტკივნეულ მხარეზე ალაპარაკდა და ატირდა კიდეც, მას შემდეგ, რაც გულწრფელად განაცხადა, რომ 16 წლის ბილი აილიშის იმ ყველაფრისგან დაცვა სურს, რაც თავად ამ ასაკში გამოიარა. გავრცელდა ჯასტინისა და კომბსის კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ჯასტინი რეპერის გარემოცვაში თავს უხერხულად გრძნობს და საუბრის დასაწყისში შიში და დაბნეულობაც ეტყობა.
ჯასტინის ფანებმა მომღერლის ერთ-ერთი სიმღერა რეპერთან ურთიერთობის მტკივნეულ წარსულს დაუკავშირეს. სიმღერა ძალიან ემოციურია და ჯასტინი ბავშვობის ტრავმებზე მღერის - "What if you had it all...And it felt like nobody to call?... Maybe then you'd know me.., 'Cause I've had everything... But no one's listening... And that's just lonely. I'm so lonely. Lonely."
ჯერ-ჯერობით არც ჯასტინ ბიბერს და არც რეპერთან დაკავშირებულ სხვა ცნობილ ადამიანს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ჯასტინის სიჩუმე იმასაც შეგვიძლია დავუკავშიროთ, რომ ის ცოტა ხნის წინ მამა გახდა და სურს, ცხოვრების მტკივნეული წარსული საბოლოოდ მოიტოვოს უკან.
ჩნდება კითხვა: რატომ არავინ ამოიღო ხმა წლების მანძილზე? პასუხი მარტივია - Diddy-ს მუსიკის ინდუსტრიაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. მის წვეულებებთან დაკავშირებით ჰოლივუდში ხმები 90-იანი წლებიდან მოყოლებული დადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა იცოდა, თუ რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა, ართო საზოგადოებისთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ Freak off-ებზე არასრულწლოვანებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც სექს-პერფორმანსებს, სექს-მუშაკების მონაწილეობით ორგიებს, ნარკოტიკებისა თუ ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებას აკვირდებოდნენ და შესაძლოა ამ ყველაფერში მონაწილეობდნენ კიდეც.
პროკურორის თქმით, სასამართლოს ფურცლებზე 50-ზე მეტი მსხვერპლისა და მოწმის ჩვენება უკვე არის დაფიქსირებული, რიცხვი კი სავარაუდოდ გაიზრდება. რეპერი ამჯერად ბრუკლინის ციხეში იმყოფება, რომელიც სისასტიკითა და არასათანადო მოპყრობითაა ცნობილი. ეს ის ადგილია, რომელსაც ამერიკელი მოსამართლეები არაჰუმანური და დესტრუქციული ციხის სახელით მოიხსენიებენ. კონგრესის ერთ-ერთმა წევრმა გამოძიებაც კი მოითხოვა იმ მოტივით, რომ ციხეში არასაკმარისი პერსონალია და საშიში, ბარბაროსული პირობებია გაბატონებული.
რეპერი ჭამაზეც კი უარს აცხადებს, ეს შესაძლოა პროტესტის ნიშანია, ან იმის ეშინია, რომ თავისი დანაშაულების გამო, სასიკვდილოდ გაიმეტებენ. საინტერესოა, რომელი ცნობილი ადამიანი ალაპარაკდება პირველი, ან ვინ ჰყავს ამოღებული სამიზნეში გამოძიების ფედერალურ ბიუროს? რეპერის შემდეგი სასამართლო კი, 9 ოქტომბერსაა ჩანიშნული.