ნინა თიბილაშვილი - მაგარი გოგო საქართველოდან!

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი პარალიმპიური თამაშებიდან ბრინჯაოს მედლით ბრუნდება. ნინას ტოკიოს პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონის ტიტულიც აქვს. ტოკიოს ოლიმპიადა პანდემიის დროს ჩატარდა და პარასპორტსმენის თქმით, ცარიელ დარბაზში გამარჯვების შემდეგ, პარიზის არენაზე გულშემატკივრის წინაშე ასპარეზობა კიდევ უფრო ემოციური იყო.

ნინა თიბილაშვილი, პარა ფარიკაობა, პარიზის პარალიმპიადა

ნინა გახლავთ ის ადამიანი, რომელიც გამოჩენისთანავე უშრეტი მოტივაციის წყარო და ინსპირაცია გახდა. მან სპორტში საკუთარი თავი იპოვა და ყოველდღე ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არა დაბრკოლებად, არამედ ძალად უნდა ვაქციოთ და ჩვენი პირადი ისტორია შევქმნათ. ნინა 19 წლიდან პროფესიონალი მოფარიკავე და პირველი ქართველი ქალი პარასპორტსმენია, რომელმაც პარალიმპიადის ვერცხლის მედალი მოიპოვა. გუშინ კი, ნინამ კარიერაში მეორე პარალიმპიადაც მედლით ხელში დატოვა.

ის ჯერ საკუთარი თავისთვის გახდა ინსპირაცია მაშინ, როცა გადადგა რთული ნაბიჯი და დაიჯერა, რომ გამარჯვება ყველაფრის მიუხედავად შესაძლებელი იყო. იგი ამბობს, რომ ყოველთვის ცდილობდა ფეხი დაემალა და ამაზე საუბარს სულ თავს არიდებდა. სპორტმა მისცა თავდაჯერება, მეომარი და მებრძოლი ადამიანი გახადა. საკუთარი თავის აღმოჩენით და თავისი ამბის გაზიარებით კი, სხვებისთვის გახდა მაგალითი და დღემდე ასწავლის მათ, თუ როგორია იყო თავისუფალი.

ნინა თიბილაშვილი, პარა ფარიკაობა, ტოკიოს პარალიმპიადა

გუშინდელი ბრძოლა ნინას კარიერაში დიდი ასოებით ჩაიწერება. განსაკუთრებით დაძაბული და ემოციური უკრაინელ პარასპორტსმენთან შეჯიბრი იყო. ნინამ გასაოცარი გამძლეობა და მიზანდასახულობა გამოაჩინა, თითქმის წაგებული თამაში შემოატრიალა და საბოლოოდ 1 ქულით მოიპოვა გამარჯვება. მედლისთვის ბრძოლაში კი, ფრანგი მეტოქე დაამარცხა.

"ეს მედალი ჩემთვის ოქროა"- განაცხადა მან პირველ არხთან ინტერვიუში.

ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი
პარამოფარიკავეები ნინა თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი

ნინას ბარძაყის თანდაყოლილი ანომალია აქვს და 2 წლის ასაკიდან ფეხის პროთეზის საშუალებით გადაადგილდება. ის პროფესიით არქიტექტორი და 19 წლიდან პროფესიონალი პარამოფარიკავეა. ნინა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ პარასპორტსმენები, ქვეყნის სახელით წარმატების მიღწევის გარდა, ერთ დიდ საქმესაც ემსახურებიან - საზოგადოებამ დაიჯეროს, რომ, შესაძლოა, მათ სხვების მსგავსი შესაძლებლობები არ აქვთ, თუმცა ძალიან კარგი და საამაყო შედეგის მიღწევა ძალუძთ. ქართველი პარასპორტსმენები ამას ყოველდღიურად ამტკიცებენ. ამის დასტური ისიც არის, რომ პარიზის პარალიმპიადაზე უკვე 4 მედალი მოიპოვეს და მთელი მსოფლიოს გასაგონად საქართველოს ჰიმნი გააჟღერეს.

Nina Tibilashvili, ნინა თიბილაშვილი
ფოტო: ნინა თიბილაშვილის Facebook გვერდი
ზევით