საქართველოში პირველად "განათების დღე" ჩატარდება

ხომ გაგიგიათ, კარგი განათება სივრცის მდუმარე არქიტექტორიაო? განათებას არქიტექტურაში, დიზაინსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რაში მდგომარეობს კარგი განათების საიდუმლო და როგორია სინათლის ფილოსოფია.

განათების დღე, ინტერიერის დიზაინი, ღონისძიება

სწორედ ამიტომ, საქართველოში პირველად, განათების დიზაინის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა იგეგმება. ღონისძიება 21 სექტემბერს, დიზაინ ინსტიტუტშია ჩანიშნული და მისი ორგანიზატორი AT Architect გახლავთ. შეხვედრაზე მისულ სტუმრებს პროფესიონალები მდგრადი განათების, მისი დიზაინისა და დაგეგმარების შესახებ გაუზიარებენ რჩევებსა და გამოცდილებას. „განათება, როგორც ცხოვრების მდგრადი წყარო“ - ასეთია ღონისძიების მთავარი თემა.

ღონისძიებაზე მოწვეულები სფეროს პროფესიონალები ლორენცო ბრუსკალიონი (Lorenzo Bruscaglioni) და კატია კოლოვეა (Katia Kolovea) არიან.

ლორენცო იტალიის განათების დიზაინერთა ასოციაციის წევრი და მილანში, IED-ის განათების კურსის პროფესორია. ლორენცომ კარიერა ფოტოგრაფის ასისტენტობიდან დაიწყო და განათებასთან პირველივე შეხებიდან მიხვდა, რომ სინათლის ფილოსოფია მისთვის ყველაზე ღრმა და საინტერესო შესასწავლი სფერო იყო. წლების შემდეგ კი, განათების დიზაინის კომპანია Luminae დააარსა. კომპანიაში "სინათლის ენას" ყველაზე კარგად ფლობენ და თითოეული ლოკაციისა თუ სივრცისთვის განათების ინდივიდუალურ რეცეპტს ქმნიან. ლორენცოს მოსაყოლი ბევრი აქვს და 21 სექტემბრის ღონისძიებაზე თემით - „განათების დიზაინი - წარმატებული პროექტის გასაღები“ - წარდგება.

კატიამ კი, ღონისძიების მონაწილეებთან სასაუბროდ შემდეგი საკითხი შეარჩია - „როგორ გარდაქმნის სინათლე სივრცეს და ადამიანის გამოცდილებას“.

Katia Kolovea, კატია კოლოვეა

კატია კოლოვეა ლონდონში მოღვაწე, წარმოშობით ბერძენი განათების დიზაინერია. იგი Women in Lighting-ის გლობალური გუნდის წევრიც გახლავთ. ამასთანავე, ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, როგორიცაა ფრანგული მოდის სახლი Dior-ი. კატია სინათლით გატაცებამ საკუთარი ბრენდის, Archifos-ის დაარსებამდე მიიყვანა. მის კარიერაში ისეთი ჯილდოები იწერება, როგორებიცაა Darc Award-ი და 40under40 Lighting Design Award-ი. დიზაინერმა საგანმანათლებლო პლატფორმა Lighting Police-ც დააარსა, რომლის დახმარებითაც ფართო საზოგადოებაში სწორი განათების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება დაისახა მიზნად.

ღონისძიების ორგანიზატორი არქიტექტურული კომპანია AT Architect-ი კი, დაარსების დღიდან მთავარ მისიად საქართველოში ევროპული განათების დიზაინის სტანდარტების შემოტანასა და დამკვიდრებას ისახავს. სწორედ ამ მისიის ნაწილს წარმოადგენს ღონისძიებაც, რომელიც განათების დიზაინის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ტარდება. ღონისძიების მხარდამჭერები იტალიის საელჩო, დიზაინ ინსტიტუტი, IED, ჭკვიანი სახლი, Delight, homeis, სასტუმრო Castor & Pollux და ონლაინ ჟურნალი The Diary არიან.

21 სექტემბერს დიზაინ ინსტიტუტში იტალიისა და საბერძნეთის ელჩები, არქიტექტორები, ინტერიერის დიზაინერები და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები შეიკრიბებიან. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს, 18 სექტემბრამდე ბმულის დახმარებით შეგიძლიათ დარეგისტრირება.

ზევით