#ცნობილები

Netflix-ის ახალი ფილმის პრემიერას ბექჰემების ოჯახის სრული შემადგენლობა დაესწრო

გაზიარება:

სრული შემადგენლობით, ბექჰემების ოჯახი გასულ ღამეს ლონდონში, წითელ ხალიჩაზე, დევიდ ბექჰემის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Beckham-ის პრემიერაზე გამოჩნდა. Beckham-ი Netflix-ის ოთხი მინი სერიისგან შემდგარი დოკუმენტური ფილმია, რომელიც ბრიტანელი ფეხბურთელის აღზევებისა და თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპორტსმენად (როგორც მოედანზე ასევე მის გარეთ) ჩამოყალიბების ისტორიას გვიამბობს.

ფილმი ფოკუსირებულია 48 წლის ყოფილი ფეხბურთელის განვლილ გზაზე და იმაზეც, თუ როგორ იქცა დევიდ ბექჰემის პერსონა ყველაზე მოთხოვნად სახედ და რა წვლილი აქვს მის წარმატებაში სპონსორულ გარიგებებსა და Spice Girl-ის ვიქტორია ადამსთან ქორწინებას.

„ვგრძნობდი, რომ ეს იყო სწორ დროს მიღებული სწორი გადაწყვეტილება. ასევე მინდოდა შემექმნა რაღაც, ჩემი ოჯახისთვის, რაც მათ უკან მოხედვისას სიამოვნებას მოჰგვრიდა“ - განაცხადა დევიდმა პრესასთან საუბრისას.

„როდესაც 90-იან წლებში მანჩესტერში დავიწყე კარიერა... მის გარშემო ყოველთვის იყო საოცარი მუსიკა და სცენები და სწორედ ამის გამო ითვლებოდა მანჩესტერ იუნაიტედი იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ გუნდად ფეხბურთის ისტორიაში... ეს ფილმი ხალხს შეახსენებს იმას, რაც მართლაც რომ განსაკუთრებული იყო და იმედი მაქვს, ის ადამიანებში მხოლოდ კარგ მოგონებებს გამოიწვევს“.

დოკუმენტური ფილმი აგრეთვე აერთიანებს ბექჰემების ოჯახის აქამდე უცნობ, გამოუქვეყნებელ კადრებს, მძიმე ისტორიებს და რეალურ ფაქტებს, რომელთა შესახებაც დევიდსა და ვიქტორიას აქამდე არასდროს უსაუბრიათ. ერთ-ერთი ასეთი ისტორია 20 წლის წინ მომხდარ ამბებს უკავშირდება, იმ პერიოდს, როდესაც დევიდ ბექჰემსა და მის პიარ ასისტენტ რებეკა ლუს შორის რომანის ჭორები ვირუსულად მოედო ყვითელ პრესას და რომელმაც დიდი გავლენა იქონია ბექჰემების ოჯახის სიმტკიცეზე. 

Netflix-ის გადასაღებ გუნდთან ღრმად პირადულ და გულწრფელ საუბარში, ვიქტორიამ აღნიშნა, რომ დევიდის Real Madrid-ში გატარებული წლები მისთვის რთული გადასატანი აღმოჩნდა: „ეს იყო ჩვენთვის უმძიმესი პერიოდი, ვგრძნობდი, რომ სამყარო ჩვენ წინააღმდეგ იყო“ - აღნიშნა ვიქტორიამ.

„ყოველ დილას, გაღვიძებისას ვაცნობიერებდით, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო... ორივე ვგრძნობდით, რომ ერთმანეთს კი არ ვკარგავდით, არამედ ვიძირებოდით“ - დასძინა დევიდმა. 

მიუხედავად იმისა, რომ რომანი და რებეკა ლუ წყვილს არ უხსენებია, მათ გულახდილად ისაუბრეს იმ სირთულეებზე, რომელიც პატარა ბავშვებთან ერთად, საცხოვრებელი სახლებისა და ზოგჯერ კონტინენტების ცვლილებამ გამოიწვია მათ ურთიერთობაში, თუმცა დევიდმა და ვიქტორიამ ყველაფრის გადალახვა შეძლეს. ქორწინების 25 წლის იუბილეზე, ვიქტორიამ  შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ახლა თავს ბედნიერად ვგრძნობ, ახლა ნამდვილად კმაყოფილი ვარ“ , რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს წყვილის მტკიცე კავშირს ცხოვრებისეული ქარიშხლების ფონზე.

Beckham-ი Netflix-ზე დღეს, 4 ოქტომბერს გამოჩნდება.

ზევით