ირუ ხუნდაძემ და ნუცა გველესიანმა კულინარიული ექსპერიმენტი პანდემიის პერიოდში წამოიწყეს, სწრაფი კვების ობიექტი სახელწოდებით iamfoodgoddess $1500-იანი ინვესტიციით დაიწყო, დღეს კი საქართველოში 2 ფილიალით: MUNCHIES by foodgoddess და BRUNCHIES by foodgoddess პოზიციონირებს, ხოლო საზღვრებს გარეთ ესპანეთში, კერძოდ კი მადრიდში პირველი ფრენჩაიზით გამოიჩნდა და პირველ ქართულ fast food ბრენდადაც მოგვევლინა, რომელიც ესპანეთშია წარმოდგენილი.
ირუმ და ნუცამ, საზღვარგარეთ მიღებული ცოდნით, დაგროვილი გამოცდილებით და რასაკვირველია სტრატეგიული ბიზნეს გეგმით, განსხვავებული კონცეფციის, უნიკალური ხედვების, მაღალი სოციალური თუ გლობალური პასუხისმგებლობის ბრენდის შექმნა მოახერხეს, რომელსაც, დარწმუნებული ვართ, რომ წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდება, მანამდე კი 2-წლიანი განვითარებისა და iamfoodgoddess-ის დაარსების ისტორიას, მისი თანადამფუძნებლისგან, ირუ ხუნდაძისგან მოვისმენთ.
როდის გაჩნდა IAMFOODGODDESS-ის შექმნის იდეა?
Iamfoodfgoddess ბლოგი მაშინ დავიწყე, როცა ჯერ კიდევ პარიზში ვსწავლობდი და ქალაქში მიმოფანტული უნიკალური კვების ობიექტების შესახებ რეკომენდაციებს ვუზიარებდი გამომწერებს. ეს რეკომენდაციები მალე ჩვენს ვებგვერდზე ერთჯერადად გაიყიდება, როგორც foodgoddess travel kit recommendations, სიაში აუცილებლად იქნება საქართველოს ქალაქებიც, თბილისიც და არამარტო...
გასტრონომია როდის ჩნდება თქვენს ცხოვრებაში?
ალბათ დაბადებიდან, რადგან ჩვენი ოჯახის ტრადიციის უდიდესი ნაწილია, ზოგადად ქართველები ხომ გურმანი ერი ვართ და სტუმართმოყვარეობის კულტურითაც გამოვირჩევით. ალბათ, განსაკუთრებით დიდი წვლილი გასტრონომიის სიყვარულის ჩანერგვის პროცესში, მაინც ბებიებს მიუძღვით. მასთან კიდევ უფრო აქტიურად სტუდენტობის პერიოდში დავახლოვდით, როდესაც დამოუკიდებლად მოგვიწია ცხოვრების დაწყება.
რამდენად მარტივად მიიღეთ კულინარიული სტარტაპის წამოწყების იდეა და რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით საწყის ეტაპზე?
წამოწყების იდეა ჯერ კიდევ პარიზში დაიწყო, როცა პირველად გავაკეთე ბურგერი სახლში მეგობართან ერთად. მთავარი გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველოში აღმოვჩნდით გემოს დასმა, პროდუქტების ტესტინგი და მინიმალურ ბიუჯეტთან ადაპტირება იყო. $1500-იანი ბიუჯეტით დაიწყო ჩვენი სტარტაპი საქართველოში და შესაბამისად უკვე მზა სივრცეს ვეძებდით დრო და ფული რომ დაგვეზოგა. რადგან ახალგაზრდები ვიყავით და თან გოგოები, ჩვენი არასერიოზულად აღქმა, ერთ-ერთი სერიოზული ემოციურად დამღლელი ფაქტორი აღმოჩნდა, მაგრამ - we are already maddly in love with proving wrong!
რას გვეტყვით MUNCHIES by foodgoddess და BRUNCHIES by foodgoddess-ის შესახებ?
Brunchies და Munchies აქვთ განსხვავებული მენიუ და მთავარი კერძები, მაგრამ კონცეპტუალურად და ბრენდინგით ჰგვანან ერთმანეთს. ფერებით ხდება მარტივად მათი გამიჯვნა, მაგრამ ორივეს აერთიანებს მაღალი ხარისხი, პატარა მენიუ, მხოლოდ რამდენიმე სელექცია, home made and guilt free პროდუქტები, და კომფორტული food-ის სახლური ვერსია.
ზოგადად როგორია თქვენი ბრენდის კონცეფცია?
ჩვენი ბრენდი ჩვენივე პიროვნების ნაზავია: დრაგ ქუინი, ვეს ანდერსონი და მცირეოდენი Disney-ც. ჩვენ მოხიბლულები ვართ დრაგ ქუინების ნიჭით, ენერგიით, შრომისმოყვარეობით, მტკიცე ხასიათით, პატიოსნებით და უბრალოდ მათი მხატვრულობით. ჩვენთვის ხშირად უთქვამთ რომ ვართ Too Much, ამის ჩვენ სასიკეთოდ გამოყენება ვისწავლეთ. ვცდილობთ, ჩვენი პლატფორმა ხმის ასამაღლებლად გამოვიყენოთ, მივცეთ საკუთარი თავის გამოხატვის უფლება მათ, ვისაც ამის საშუალება ნაკლებად აქვს. ეს ჩვენს გადაღებებსაც ეხება, ისინი არასდროსაა ისეთი, როგორსაც საზოგადოება რესტორნისგან მოელის. პროექტები ყოველთვის მრავალმხრივია, მაღალი ხარისხის პროდუქტის დემონსტრირების გარდა, ის მნიშვნელობის მატარებელიცაა.
ღრმად გვწამს, რომ ძლიერმა ინდივიდებმა თუ პლატფორმებმა, არამხოლოდ მათი საჭიროებები და სურვილები უნდა გაყიდონ, არამედ მსოფლიოში გამეფებული უსამართლობის და სხვა აქტუალური თემების შესახებაც აიმაღლონ ხმა.
რატომ მაინც და მაინც ესპანეთი, როდის გაგიჩნდათ იდეა და როგორი იყო მისი განხორციელების პროცესი?
Covid 19-ის შემდეგ ესპანეთში რეგულაციები გამარტივდა და უფრო ხელმისაწვდომი გახადა დამწყები ანტრეპრენერებითვის პროექტების განხორციელება. ჩვენ განვიხილავდით პარიზს და ლონდონს, მაგრამ უამრავი რეალური საბაბის გამო, ფინანსური თუ კულტურული კუთხით, არჩევანი სწორედ ესპანეთზე გავაკეთეთ, მნიშვნელოვანი ფაქოტრი აღმოჩნდა ისიც, რომ ნუცა სწავლის გაგრძელებას სწორედ ესპანეთში გეგმავდა.
რამდენად განსხვავებულ ბაზართან მოგიწიათ შეჭიდება?
არასტაბილური პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული ბაზარი, სადაც უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვეთ და ის მაინც აგრძელებს ჩვენს გაოცებას ეს საქართველოა. ჩვენს ქვეყანაში აბსოლუტურად უკონტროლოდ იზრდება ფასები, გადასახადები, მათ შორის იმპორტირებული პროდუქტი რომელიც ევროპაში გაცილებით ხელმისაწვდომია.
ესპანეთის ბაზარზე ალბათ ყველაზე რთული მაინც ფაქტორი ჩვენი წარმომავლობაა. ის ფაქტი, რომ ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა დაბრკოლებაა როგორც ანტრეპრენერებისთვის, აგრეთვე სტუდენტებისთვისაც. ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ახლო მომავალში შეიცვლება ეს მდგომარეობა, რადგან ამ რეალობაში ახალგაზრდებს შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს, როდესაც შეგვიძლია საქართველოს გლობალურად მოვუტანოთ წარმატება.
როგორ ხედავთ ბრენდის განვითარებას სამომავლოდ?
მთავარი მიზანი არის რომ Foodgoddess-მა ჩამოაყალიბოს გლობალურ ბაზარზე, პირველი, ქართული სწრაფი კვების კონცეპტის ფილიალი. ამის გარდა ვფიქრობთ რომ მანჩის და ბრანჩის სახელით უკვე სხვადასხვა ბაზარზეც შევალთ, როგორიც არის პარიზი, ლონდონი, დუბაი და იმედია წლებთან ერთად სიას უკრაინაც შეემატება. კვების ობიექტის გარდა foodgoddess სამომავლოდ ხედვაში აქვს ბუტიკ სასტუმროც, განსხვავებული კონცეფციით, რომელიც აქამდე ბაზარზე არ შეგვხვედრია. ჩვენი ვებგვერდი iamfoodgoddess.com კი უკვე ფინალურ ეტაპზე იმყოფება და სულ მალე მზად ვიქნებით ონლაინ სივრცეში ვიზიტორებთან შესახვედრად.
იმედი გვაქვს რომ მომავალი 1 წლის მანძილზე მოვახერხებთ კომპანიის ისეთ მდგომარეობამდე მიყვანას რომ ჩამოვაყალიბოთ foodgoddess-ის სტიპენდია, არამარტო ქართველი სტუდენტებისთვის არამედ სხვა დაბალ განვითარებული ქვეყნის სტუდენტებისთვის, როგორიც არის ლებანონი, თეირანი, ირანი, სირია, ავღანეთი და ა.შ.